ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, 2024 წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გამართა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერიის სამსახურებთან ერთად, 2024 წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და რეფორმების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა“ და მერიის ყველა სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,რუსთავის მერიის გუნდმა, სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად წარვადგინეთ გეგმა, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით არის შედგენილი. იცით, რომ მთელმა გუნდმა ვიმუშავეთ ბიუჯეტზე და ახლა მნიშვნელოვანია ყველა იმ საკითხის აღსრულება, რაც მოსახლეობის მოთხოვნით გავითვალისწინეთ და ავსახეთ მასში. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალური სისტემის გაძლიერება, ასევე კონკრეტული მიდგომები, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს თითოეული სამსახურის მუშაობას და გახდის უფრო ეფექტიანს. ჩვენ დავიწყეთ და კვლავ ვაგრძელებთ რეფორმებს იმისთვის, რომ მოქალაქეზე ორიენტირებული და მორგებული სერვისები მიეწოდოს თითოეულ რუსთაველს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

2024 წლის გეგმა მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა სფეროების მიხედვით, თავად წარადგინეს. რუსთავის მერია, 2024 წელს, 25 მილიონი ლარით გაზრდილი საწყისი ბიუჯეტით, ახალი სოციალური პროგრამებით და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებით შეხვდა.

,,რუსთავის 2024 წლის საწყისი ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 25 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, აქტიურად მიმდინარეობს ცენტრალური გზების რეაბილიტაცია, ასევე, პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ცენტრალური ქუჩების, მოედნების, სკვერებისა და პარკების სრული განახლება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვა მასშტაბური პროექტებიც, რომელზეც მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვადასხვა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ, ერთ-ერთი ამ პროექტებიდან თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობაა, რომელიც არა მხოლოდ რუსთავისთვის, არამედ ქვემო ქართლისთვის და თბილისისთვისაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რუსთავში მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა, რაც უპრეცედენტოდ მასშტაბურია რუსთავისთვის და დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ასეთივე მასშტაბური პროექტები კიდევ გაგრძელდება”, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

2024 წლის იანვარში, რუსთავში დაიწყო ტაშკენტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა ხანძთელის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს ძველი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავთენტური ახალი შენობის მშენებლობა,  ქალაქის ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია, დასრულების ფაზაშია რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპი.

,,დღეს მოვისმინეთ პრეზენტაციები, რომელიც რუსთავისთვის უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტით დაგეგმილ და გათვალისწინებულ პროექტებსა და მუნიციპალურ სერვისებს შეეხებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში, მთავარი აქცენტები კეთდება იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის – ,,ქართული ოცნების” მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს. ეს გახლავთ ბიუჯეტის შესრულების გამჭვირვალობა, საზოგადოებასთან ინტენსიური და აქტიური კომუნიკაცია, ასევე ნებისმიერი სახელმწიფო სერვისის, ცენტრალური იქნება ეს თუ მუნიციპალური, ისე მიწოდება, რამაც საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის და დონის გაუმჯობესება. ამასთან, ჩვენ ცენტრალური ხელისუფლებისგან გვაქვს დაპირება, რომ სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, რუსთავ-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა დაიწყება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

2024 წელს რუსთავში 54%-ითაა გაზრდილი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი და ამ მიმართულებით, პირველი ეტაპის სამუშაოები, თებერვლის ბოლომდე დაიწყება. გრძელდება მუნიციპალური სერვისების რეფორმა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებაზე, 81 სოციალურ სერვისს ახალი პროგრამები დაემატა. სატრანსპორტო სფეროს რეფორმის ფარგლებში მუნიციპალურ ავტოტრანსპორტს 20 ახალი ავტობუსი შეემატა, რომელიც უკვე მოძრაობს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, გაზრდილია ქალაქის მოვლა-პატრონობაზე გათვალისწინებული ბიუჯეტიც. პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდული პროგრამების და განათლების ხელშეწყობა. იგეგმება თანამედროვე საბავშვო მედიათეკის და რუსთავის ტექნოლოგიური აკადემიის მოწყობა, სიახლეებია დაგეგმილი კულტურის და სპორტის განვითარების სფეროშიც. 2024 წელს, რუსთავის მერიისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება გარემოს დაცვისა და ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების საკითხი. წელსვე დაიწყება რუსთავის ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები. რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 121 983 700 ლარია.

 

წინა რუსთავის მერია და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერების მიზნით, ერთობლივ საპილოტე პროექტს განახორციელებენ