ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავი მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლებს

რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება. ღონისძიება, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, სპეციალურად მოწყობილ იმ სივრცეში გაიმართება, რომელმაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, რუსთავის  პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა.

2024 წლის სიმპოზიუმისთვის მზადება, რუსთავის მერიამ უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე, ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დასუფთავება და სიმპოზიუმის სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

,,კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ლამაზი ტრადიციის აღდგენისთვის ვემზადებით. წელს რუსთავი მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლებს. სკულპტორთა  საერთაშორისო სიმპოზიუმი, რუსთავში პირველად 1990 წელს ჩატარდა და მასში, ქართველი მოქანდაკეების გარდა, იაპონელი, კუბელი და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული ხელოვანებიც მონაწილეობდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ეს ტრადიცია აღვადგინოთ.  სიმპოზიუმი ივნისის დასაწყისში გაიხსნება და  რუსთავის უნიკალური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სივრცეში, ქართველი და უცხოელი მოქანდაკეები, სპეციალურად ჩვენი ქალაქისთვის შექმნიან სკულპტურულ ნამუშევრებს.“- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

1990-დან 1995 წლამდე, სიმპოზიუმი სამჯერ გაიმართა, როგორც მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია ამბობს, იმ პერიოდის საქართველოს კულტურული ცხოვრებისთვის, ეს უნიკალური  მოვლენა იყო.

,,ამ ტრადიციის აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანია, არა მარტო ხელოვნების ამ დარგისთვის, არამედ ქალაქისთვის, ეს ძალიან გამოაცოცხლებს რუსთავის კულტურულ ცხოვრებას. წლევანდელ სიმპოზიუმში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას“ -განაცხადა მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ, რომელიც რუსთავის მერთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო სიმპოზიუმის სივრცის მოწყობის სამუშაოებს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში გამართული სიმპოზიუმის შედეგად, რუსთავს  21 ქანდაკება დარჩა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მოქანდაკეთა  შეკრება, რუსთავში 2016 წელსაც მოეწყო და მასში მონაწილეობა რვა ქართველმა და სამმა უცხოელმა სკულპტორმა მიიღო.

მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი-2024, 8 ივნისს გაიხსნება. ქართველი და უცხოელი სკულპტორები, სიმპოზიუმის სივრცეს 21 დღის განმავლობაში დაიკავებენ და მათ მიერ შექმნილი ქანდაკებები, ქალაქის ქუჩებში განთავსდება.

სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

წინა ნინო ლაცაბიძე დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებს და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა