რუსთავის ბაგა-ბაღების 6000-მა აღსაზრდელმა მერიისგან საახალწლო საჩუქრები მიიღო

რუსთავის მერიის საახალწლო საჩუქარი, წელს რუსთავის ბაგა-ბაღების 6 ათასამდე აღსაზრდელმა მიიღო.

ქალაქის ოცდასამივე საბავშვო ბაღში, ახალი წლის დადგომამდე, საზეიმოდ აანთეს ნაძვის ხე და სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა.

საახალწლო ღონისძიებას, რუსთავის რამდენიმე ბაგა-ბაღში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად დაესწრო.

,,რუსთავში უკვე მესამე წელია, რაც ჩვენს პატარებს საახალწლოდ საჩუქრებს გადავცემთ, ნაძვის ხის ანთებისთვის კი ყველა ბაგა-ბაღში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა და მზადებაა. რუსთავის მერიისგან საჩუქარი წელს 6 ათასამდე ბავშვმა მიიღო. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მათთვის საახალწლო განწყობა შეგვექმნა. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ჩვენს პატარას მივულოცო დამდეგი შობა-ახალ წელი”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის, საახალწლო საჩუქრების გადაცემის ტრადიცია, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, რუსთავში მესამე წელია გრძელდება.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, ბაგა-ბაღებში არაერთი პოზიტიური სიახლე დაინერგა. სისტემატურად ახლდება ინვენტარი, დანერგილია ნუტრიციოლოგების შედგენილი კვების მენიუ, გაზრდილია ბაგა-ბაღების თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება, პედაგოგები და აღმზრდელები ჰუმანური პედაგოგიკის სპეციალურ კურსს, ცნობილი მეცნიერის, შალვა ამონაშვილის აკადემიაში გადიან.

ამ ეტაპზე, რუსთავში, ორი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ორი ახალი ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

წინა რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილებაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ