რუსთავის მედიათეკაში ავსტრიული კუთხე გაიხსნა

რუსთავის მერიისა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავის ახალ მედიათეკაში, ავსტრიული კუთხე გაიხსნა.

ავსტრიული კუთხე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა,  საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს.

,,სასიხარულოა, რომ ავსტრიის საელჩოს თანადგომით რუსთავის მედიათეკაში, ჩვენს ახალგაზრდებს ისეთ ლიტერატურასთან ექნებათ წვდომა, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ გვქონდა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც მეგობარ ქვეყნებთან,  ისე პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომ უფრო მეტი ახალი შესაძლებლობა გავუჩინოთ ახალგაზრდებს, ” – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ავსტრიული კუთხის გახსნას, რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია,,ქართული ოცნების” წევრები, გერმანული ენის პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.

,,ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები რუსთავში, სადაც გავხსენი ავსტრიული კუთხე. მოხარული ვარ, რომ ავსტრიული კუთხე მედიათეკაში –  ასეთ მშვენიერ სივრცეში გაიხსნა.  გარდა იმისა, რომ წიგნები გადავეცით, გვსურს გავაგრძელოთ მედიათეკასთან თანამშრომლობა. გვაქვს პროექტები, რომლებიც გვსურს რუსთავშიც განვახორციელოთ”, – განაცხადა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა.

ღონისძიების ფარგლებში, ავსტრიელი მწერლის, როზე აუსლენდერის ლექსების ორენოვანი კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა.

,,ჩვენი ახალგაზრდებისა და მოსწავლეებისათვის, რუსთავის მედიათეკაში გერმანულენოვანი ლიტერატურის ხელმისაწვდომობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ლიტერატურა მათ საშუალებას მისცემთ კიდევ უფრო კარგად შეისწავლონ ძირძველი ევროპული ქვეყნის ენა, ისტორია, ტრადიციები და კულტურა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ავსტრიის საელჩოს საქართველოში”, –  განაცხადა  საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

ავსტრიის საელჩომ, რუსთავის ახალ მედიათეკას, გერმანულენოვანი ლიტერატურა გადასცა საჩუქრად, რითაც თანამედროვე ბიბლიოთეკის წიგნსაცავი გერმანულენოვანი მკითხველისთვისაც საინტერესო გახდა.

 

წინა პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, რუსთავში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კიდევ ერთი ავტომატური სადგური განთავსდა