რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი, 87 მილიონიდან 108 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საბიუჯეტო ცვლილებების მოთხოვნა რუსთავის მერიამ უკვე შეიტანა ქალაქის საკრებულოში.
ქალაქის მერის თქმით, რუსთავის ბიუჯეტის 87 მილიონიდან 108 მილიონ ლარამდე გაზრდა, ცენტრალური მთავრობის დახმარებით, ჭარბი შემოსავლებისა და გარდამავალი პროექტების ბიუჯეტში ასახვის გზით მოხდა.
,,გაზრდილი საბიუჯეტო სახსრებით, ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობას დავპირდით. 5 მილიონი ლარი მოხმარდება ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტს. ეს პროცესი შარშან დავიწყეთ და ვთქვით, რომ გრძელვადიანი პროექტი იყო, რომელიც ყველა ლიფტის განახლებამდე გაგრძელდებოდა. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აღნიშნული საბიუჯეტო ზრდის შედეგად დაფინანსდება, არის ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია. მისამართების შერჩევა მოხდა მოსახლეობასთან კონსულტაციით და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია, პირველ ეტაპზე, ქაშაკაშვილის N8 და N10, ვაჟა ფშაველას მე-2 გასასვლელის N4, დონეცკელ მეტალურგთა N18ა და თოდრიას მე-3 ჩიხის N7 კორპუსებშია დაგეგმილი. სხვადასხვა სახის გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდება კოსტავას N15 და მე-8 მიკრორაიონის N10 საცხოვრებელ სახლებშიც.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაც მოხდება.
,,კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელსაც ქალაქის სხვადასხვა უბანში ვგეგმავთ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ლებანიძის ქუჩა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა აქამდე ფაქტობრივად არ არსებობდა. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დავიწყებთ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობას 21-ე მიკრორაიონში. ბუნებრივია, ახალი პროექტების პარალელურად, გაგრძელდება ყველა ის გარდამავალი პროექტი, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრული თანხა, 2023 წლის სასტარტო ბიუჯეტთან შედარებით, ჯამში 19 მილიონი ლარით იზრდება და 30 779 600 ლარს შეადგენს.
ქალაქის მერის თქმით, წლის განმავლობაში, იმ ახალი პროექტების შესახებ, რომელიც რუსთაველებთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით დაიგეგმება, კიდევ არაერთხელ მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას.