რუსთავის მერიამ რუსთაველ ოლიმპიელებს – ბრინჯაოს პრიზიორს ლაშა გურულს და მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილს, ფულადი ჯილდო გადასცა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რუსთავში, კონცერტით დასრულდა. რუსთავის პარკში, მაყურებლის წინაშე Tika Balanchine & New One წარდგნენ. კონცერტის მიმდინარეობისას, სცენაზე ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, რუსთაველი სპორტსმენი ლაშა გურული და მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილი მიიწვიეს. რუსთაველ ოლიმპიელებს, რუსთავის მერიამ ფულადი ჯილდო 10 000 -10 000 ლარი გადასცა. სიმბოლური საჩუქარი გადაეცა ლაშა ბექაურსაც.

,,ძალიან ემოციური და პოზიტიური საღამო გამოვიდა. რუსთაველების სახელით, ჩვენი განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატეთ, საამაყო რუსთაველი სპორტსმენების- ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორის ლაშა გურულის და მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი სარდალაშვილის მიმართ. სტუმრად გვყავდა ჩვენი ქვეყნის სიამაყე- ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომლის სტუმრობაც განსაკუთრებული სიურპრიზი იყო რუსთაველი ახალგაზრდებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

წარმატებულ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

,,ჩვენი ქვეყნის და ქალაქის საამაყო სპორტსმენებს ლაშა გურულს და გიორგი სარდალაშვილს, რუსთაველების სახელით, ფულადი ჯილდო, 10 ათასი ლარი გადასცა რუსთავის მერიამ. სტუმრად გვყავდა ჩვენი ქვეყნის სიამაყე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურიც. წარმატება მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს”- განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

,,მიხარია, რომ ჩვენი ქალაქი ასე თბილად დაგვხვდა და ასე აფასებენ ჩვენს წარმატებებს, დიდი მადლობა ამ დაფასებისთვის”, – განაცხადა პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ლაშა გურულმა.

ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

წინა რუსთავში, ახალგაზრდული ფორუმი – ,,ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის” გაიმართა