ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავის მერიის და კომპანია ,,გალფის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო კორტი გაიხსნა

რუსთავის მერიის და კომპანია ,,გალფის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო კორტი გაიხსნა.

საკალათბურთო მოედნის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ზაზა ფაჩულიასთან, ,,გალფის“ გენერალურ დირექტორ ქრეიგ კრამერთან და კომპანიის დამფუძნებელ ვანო ნაკაიძესთან ერთად დაესწრო.

,,ეს პროექტი კარგი მაგალითია, იმისა, თუ როგორ გაერთიანდა მუნიციპალიტეტი, ბიზნესი და წარმატებული სპორტსმენი, რომელმაც ნამდვილად იცის წარმატების ფასი და იცის სპორტის განვითარებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქებში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ თანამშრომლობისთვის, ჩვენ კი რუსთავში გავაგრძელებთ განვითარებას და რა თქმა უნდა სპორტული მიმართულება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი სხვა ქალაქებშიც ასევე წარმატებით გაგრძელდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის“ საკალათბურთო მოედანი საქართველოს მასშტაბით რიგით მეოთხეა. მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია მაღალი ხარისხის თანამედროვე საფარით. სპორტული მოედნის მიმდებარედ, რუსთავის მერიამ ახალი რეკრეაციული სივრცეც მოაწყო.

,,ეს პროექტი იმის დამადასტურებელია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ქუჩის კალათბურთი განვითარდეს და ბავშვებს მიეცეთ იმის საშუალება, რომ გარეთ გამოვიდნენ, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ და სპორტით დაკავდნენ. ძალიან ვამაყობ ამ პროექტით და მადლიერი ვარ ,,გალფის“ ხელმძღვანელობის, ყველა ერთნაირად ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება გამოვიდნენ, ითამაშონ, გაერთონ და სპორტით დაკავდნენ“, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

კომპანია ,,გალფი“ მთელი საქართველოს მასშტაბით 20 საკალათბურთო კორტის მშენებლობას გეგმავს. რუსთავი რიგით მეოთხე ქალაქია სადაც საკალათბურთო მოედანი მოეწყო.

,,გალფის“ ეგიდით და ზაზა ფაჩულიასთან პარტნიორობით, ეს არის რიგით მეოთხე საკალათბურთო მოედანი, რაც ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ბავშვებში და ქვეყანაში დაინერგოს. ,,გალფი“ გააგრძელებს და რაც იყო დაანონსებული – 20 საკალათბურთო მოედანი, ეს არის ჩვენი მიზანი, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა კომპანია ,,გალფის“ დამფუძნებელმა ვანო ნაკაიძემ.

წინა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, ქალაქის ურბანული და ჭალის ტყის განვითარების კონცეფციები წარუდგინა