რუსთავის წყალმომარაგების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას 30 მილიონი ლარი მოხმარდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღევანდელ სხდომაზე რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად “Rustavi Water”-ს მიერ წარდგენილი საინვესტიციო გეგმა-გრაფიკი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე კომპანიამ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
სემეკში, დღეს გამართულ განხილვას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ.
„კომპანიამ სემეკში წარადგინა ის გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვით რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობასაც კარგად ესმის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ ერთ და ორ თვეში არ მოგვარდება, თუმცა 30 მილიონი ლარი, რომელიც დღეს სემეკის გადაწყვეტილებით დამტკიცდა, კომპანიამ რუსთავში უნდა დახარჯოს ამორტიზებული მილსადენის გამოსაცვლელად და სხვადასხვა ღონისძიებების გასატარებლად იმისთვის, რომ წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ აღარ გვქონდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერმა დღესვე სემეკს თხოვნით მიმართა, გასაჯაროვდეს დამტკიცებული გეგმა-გრაფიკი და განხორციელდეს მუდმივი მონიტორინგი მის შესრულებაზე.
„თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ეს თანხა და რა პერიოდში განხორციელდება ამ ინვესტიციის ჩადება. მე ვთხოვე სემეკს, გაასაჯაროონ ის გეგმა-გრაფიკი, რომელიც კომპანიამ წარადგინა. თითოეულ რუსთაველს ეცოდინება კონკრეტული ქუჩები, სადაც წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ასევე, ვთხოვე სემეკს, უნდა ჩავერთოთ მონიტორინგში და ყოველ სამ ან ექვს თვეში უნდა მოვისმინოთ ანგარიში, ჩამორჩენა ხომ არ არის ამ გეგმა-გრაფიკში“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, 30 მილიონი ლარიდან ძირითადი ნაწილი მოხმარდება მაგისტრალური მილსადენის შეცვლას, გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია ის ქუჩებიც, სადაც ასევე ხშირია ავარიული დაზიანებები.
„ჩვენს მიერ დამტკიცებული ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციასა და ყველაზე პრობლემატური ქუჩების წყალმომარაგების სისტემის აღდგენას, ამის გარდა, გამოიცვლება ის მონაკვეთები, სადაც მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მარეგულირებელ კომისიას აქვს მონიტორინგის შესაბამისი ინსტრუმენტები, ჩვენ დავაკვირდებით თუ რამდენად გაუმჯობესდება წყალმომარაგების მაჩვენებლები. დამტკიცებული გეგმა-გრაფიკი უნდა განხორციელდეს 2023 წლის ბოლომდე და ამ პერიოდში საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლის თხოვნით, სემეკს რუსთავის მერიამ აგვისტოს ბოლოს მიმართა. რუსთავის საკითხი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველად 1 სექტემბერს განიხილა და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, კომპანია “Rustavi Water”-ს 50 ათასი ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. ჯარიმის გარდა, კომპანიას რუსთავში შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკის წარდგენის ვალდებულებაც დაეკისრა. წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით, “Rustavi Water”, რუსთავის რიგ უბნებში, სამუშაოებს მიმდინარე წელსვე დაიწყებს. ინვესტიციის ძირითადი წილი კი 2023 წელს განხორციელდება.