რუსთავში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები“ ჩატარდა.
ახალგაზრდულ კონფერენციას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ბააკაშვილი, ოქსფორდის ლიდერობის ცენტრის (Oxford centre for leadershif) პროგრამის კოორდინატორი ამნა ადნანი, ამავე პროგრამის ხელმძღვანელი ადნან რაფიქი, კემბრიჯის უნივერსიტეტის წარმომადგენელი რაფიულაფ კაკარი, ოქსფორდის სტუდენტთა კავშირის წევრი ლეო ბუკლეი ესწრებოდნენ.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა რუსთავის მერმა. ნინო ლაცაბიძემ კონფერენციაზე, რუსთავის მერიის მიერ ახალგაზრდებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
„რუსთაველ ახალგაზრდებს, დღეს ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ და საინტერესო თემებზე ესაუბრათ კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების პროფესორებთან. ამ შესაძლებლობისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა განათლების მინისტრს, ასევე სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს იმას, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ თანამედროვე მიდგომები და შესაძლებლობები, რომლითაც კიდევ უფრო განავითარებენ საკუთარ უნარებს, დასახავენ ახალ მიზნებს იმისთვის, რომ წარმატებულები გახდნენ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ
კონფერენცია, რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ნიჩბოსნობის აკადემიის დარბაზში გაიმართა და მასში 300-ზე მეტი რუსთაველი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
,,ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის დიდი მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორებისთვის, გაეზიარებინათ ის გამოცდილება, რაც ამ ადამიანებს გააჩნიათ. ეს არის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა ამ ახალგაზრდებისთვის, მოხარული ვარ, რომ ასეთი დიდი ღონისძიება სწორედ რუსთავში ტარდება“, – განაცხადა ახალგაზრდობის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ბააკაშვილმა.
კონფერენციაზე, უცხოელმა და ქართველმა სპიკერებმა 21-ე საუკუნის ახალგაზრდულ შესაძლებლობებზე, კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარების განვითარებაზე და განათლების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების როლზე ისაუბრეს. წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საგამოფენო სივრცეები, სადაც ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებს, ოქსფორდის ლიდერობის ცენტრის სერტიფიკატები გადაეცათ.
კონფერენციის მიზანი, ახალგაზრდებში ლიდერული უნარების გაღრმავება და საერთაშორისო განათლებასთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობების შექმნა იყო.