რუსთავს, სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. სტუმრები რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილს და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებს შეხვდნენ.
ნინო ლაცაბიძემ სტუმრებს რუსთავში მიმდინარე პროექტები და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსთავსა და სომხეთის ქალაქ იჯევანს შორის, დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და იჯევანის მერმა არტურ ჩაღარიანმა მოაწერეს. ორ ქალაქს შორის მემორანდუმის გაფორმებას, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, მინისტრის მოადგილე ქრისტინე გალეჩიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი, კონსული ლევონ ზარგარიანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
,,ჩვენი ქალაქის ახალი განვითარების ეტაპზე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება და ახალ ქალაქებთან დამეგობრება. დღეს ხელი მოვაწერეთ რუსთავსა და იჯევანს შორის დამეგობრების მემორანდუმს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორია კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მემორანდუმი, ქალაქ რუსთავსა და იჯავანს შორის მუნიციპალური მართვის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ინვესტიციების, მყარი ნარჩენების მართვის, ქალაქების ურბანული განვითარების და სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.
,,საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ქალაქ რუსთავსა და იჯევანს შორის დამეგობრების მემორანდუმის ხელმოწერა. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ეს მემორანდუმი ორივე ქალაქს გამოცდილებისა და მიღწეული წარმატებების ურთიერთგაზიარების საშუალებას მისცემს, მით უმეტეს, რომ რუსთავში ბოლო წლებში უამრავი რეფორმა განხორციელდა“, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მხარეები თითოეული სფეროს მიმართულებით შეიმუშავებენ ყოველწლიურ პრაქტიკულ, ერთობლივ პროგრამებს.