რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის, შევჩენკოს ქუჩებისა და მათი დამაკავშირებელი მოედნის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება

რუსთავში, კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება.

9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების, ასევე მათი დამაკავშირებელი მოედნის სრული განახლების ფარგლებში, დღეისთვის ასფალტის ბოლო ფენის დაგება დასრულდა და საავტომობილო გზის დახაზვა მიმდინარეობს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

,,რუსთავში დასრულდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტი, რომელიც ოთხი ქუჩის და მათი დამაკავშირებელი მოედნის რეაბილიტაციას გულისხმობდა. დასრულებულია 9 ძმა ხერხეულიძის, შევჩენკოს, გურამიშვილისა და ლერმონტოვის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება, დარჩა მხოლოდ გამწვანების სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩებზე სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვალა წყალსადენის, ელექტროგაყვანილობის და გაზსადენის ქსელები. წყალსადენზე დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების ჩამკეტი ურდულები. დაიგო გზის ახალი საფარი და რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის გაუმჯობესდა საფეხმავლო ბილიკები“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, 24 645 მ2 ფართობზე დაიგო გზის საფარი (აქედან სავალი ნაწილი 12 611 მ2, გაზონი 4176 მ2), მთლიანად შეიცვალა 1 475 მეტრი სიგრძის სანიაღვრე ქსელი, მოეწყო 88 სანიაღვრე ჭა, ტროტუარები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, უახლოეს პერიოდში მოეწყობა მწვანე სივრცეები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარეები.
9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაციის ღირებულებამ 3 მლნ 698 975 ლარი შეადგინა. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

წინა 31 დეკემბერს, რუსთავში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება