რუსთავში აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა

რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგის მიზნით, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა პროექტით გათვალისწინებული.

,,რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პროექტი მოიცავს ორ უკვე არსებულ ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას და ერთი ახლის მოწყობას. ჩვენ უკვე არსებული ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნაზეც ვზრუნავთ. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ტრანსპორტისგან განიტვირთება ცენტრალური ქუჩები, ფეხით მოსიარულეთათვის კი გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია GWP-იმ აღნიშნულ ლოკაციაზე 500 მმ დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი შეცვალა, მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და ჩამკეტი ურდულები. ბუნებრივი გაზისა და ელექტროკომუნიკაციები მოეწყო მიწისქვეშ. პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი, გაკეთდა 500 მმ დიამეტრის კოლექტორი, დღემდე აფხაზეთის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა. პროექტის თანახმად, გზებზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, გაკეთდება ველობილიკები, ტროტუარები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მწვანე სივრცეები.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 3 994 439 ლარია.

 

წინა რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა „ბრძოლა ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ 1921-1924 წწ.” გაიმართება