რუსთავში, ცენტრალური გზებისა და ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა.
მაჩაბლის N6 საცხოვრებელ კორპუსთან, შიდა საუბნო სივრცის პროექტი მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა. ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი, დასასვენებელი და მწვანე სივრცეების მოწყობა დღეისთვის აქტიურად მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთავის მერია ტერიტორიაზე გამწვანების აქციის მოწყობასაც გეგმავს.
ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს მე-19-ე მიკრო რაიონშიც, სადაც 1300 კვ/მ ფართობზე, სპორტული მოედნის, დასასვენებელი ზონების, ფანჩატურის, განათების ახალი ქსელის, საფეხმავლო ბილიკებისა და მწვანე სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ტაბაღუასთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
„რუსთავში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 300-მდე მისამართზე მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალური ქუჩების განვითარებასთან ერთად, მერიის გუნდი აქცენტს შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგებაზე ვაკეთებთ. ამ პროცესში, მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული, სწორედ, მათი მონაწილეობით და მათთან შეთანხმების საფუძველზე, ვგეგმავთ პროექტებს. შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგებაზე, წელს, ჯამში, 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავში, დღეისათვის, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 300-მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს. შიდა საუბნო გზების, სივრცეებისა და ეზოების მოწყობისთვის 2025 წელს, ჯამში 12 მილიონ ლარამდე თანხაა ბიუჯეტიდან გათვალისწინებული. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.