რუსთავში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, სლოგანით – ,,ჩაისუნთქე ისტორია“, Oxygen Fest-ი ჩატარდა

,,ოქსიგენის“ სლოგანი წელს –  ,,ჩაისუნთქე ისტორია“ იყო.
ფესტივალი, ტრადიციულად რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, 1 ივლისს გაიხსნა და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა.
Oxygen Fest-ის ფარგლებში, პარკში არსებულ ტბაზე, ორი დღის განმავლობაში, Fishing Fest-ი გაიმართა, სამი დღე ,,კინო დღეები 2023“-ს დაეთმო, 7, 8 და 9 ივლისს კი ფესტივალმა მუსიკალურ დღეებს უმასპინძლა.

,,ჩაისუნთქე ისტორია“ იყო წელს Oxygen Fest-ის მთავარი სლოგანი. ჩვენ გვინდა, რომ რუსთავის უძველესი ისტორიის შესახებ, კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიგოს. ,,ოქსიგენი“ კი თავად მოწმობს იმაზე, რომ ჩვენს ქალაქს აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ საფესტივალო სივრცე დაუთმოს არაერთ ცნობილ ჯგუფსა და შემსრულებელს. ფესტივალი წელს გამორჩეული და შარშანდელთან შედარებით, უფრო მასშტაბური იყო, დაემატა ,,კინო დღეები“,, ჩატარდა Fishing Fest-ი და კულმინაცია იყო მუსიკალური დღეები. მე ვფიქრობ, რომ ,,ოქსიგენი“ შედგა და ერთ-ერთი წარმატებული მუსიკალური წელი გვქონდა. ეს უკვე ტრადიციაა და ამ ტრადიციას, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

Oxygen Fest-ის მუსიკალურ დღეებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის შემსრულებლები და ჯგუფები: REGGAEON, ,,ჩვენებურები“, ,,შერეკილები“, KILEMA MADAGASCAR, GAGA-FRAN, ,,თამადა“, Process, Micro bax, Berika, Guri, de sal, Sumo, DIASAMIDZE, MURO, DESPAN ,,ზარები“, PAPANUS, STRANGE BREW, JADMAN, GEOBIT PRODUCTION PROCESS, ,,უსახელოური“ და ზურა ყარალაშვილი მონაწილეობდნენ.

ფესტივალის დამფუძნებლის, ლაშა ნოზაძის განცხადებით, ,,ოქსიგენი“ წელს შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული იყო.

,,ფესტივალი თევზაობის დღეებით დაიწყო, კინოჩვენებით გაგრძელდა, იყო ელექტრონული მუსიკა, ,,გაგა – ფრანის“ ვინილის პრეზენტაცია, წელს 15 წელი შეგვისრულდა და REGGAEON-ს გვქონდა საიუბილეო კონცერტი, გვყავდა სპეციალური სტუმარი მადაგასკარიდან. ფესტივალი წელს საკმაოდ მასშტაბური იყო და მინდა ვთქვა, რომ მის შინაარსზე მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა Oxygen Fest-ის დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ.

ფესტივალი რუსთავის მერიისა და კერძო ბიზნესის მხარდაჭერით და ორგანიზებით ჩატარდა.
რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქალაქის უძველესი ციხის მიმდებარედ, საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი“, შარშან დაფუძნდა.
2022 წლის ზაფხულში, რუსთავში პირველად ჩატარდა ოქსიგენ ფესტი, რომლის პირველი დღეც ელექტრონულ მუსიკას, მეორე, კი არტ გენს დაეთმო.
წინა მერიის მიერ გრძელდება ჩართულობა პროცესში, რომელიც აუცილებლად გააუმჯობესებს ჩვენი ქალაქის წყლით მომარაგებას – ნინო ლაცაბიძე