რუსთავში, ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ შენობას – სპორტის ქუჩის N2 საცხოვრებელ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და საკრებულოში აღნიშნული უბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ტოგონიძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.
„რუსთავის მერიის გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, ძველ რუსთავში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ. სპორტის ქუჩის N2 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას, მოსახლეობა დიდი ხანია რაც ითხოვს. დღეს შეხვედრა გვქონდა მათთან, პროექტის დეტალები გავაცანით და სამუშაოებს ძალიან მალე დავიწყებთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლცაბიძემ.
პროექტი ძველ რუსთავში არსებული საცხოვრებელი შენობისთვის ფასადისა და აივნების სრულ რეაბილიტაციას, ახალი სახურავისა და კარ-ფანჯრების, დეკორატიული განათების მოწყობას ავთენტური იერსახის შენარჩუნებით ითვალისწინებს. სამუშაოების ღირებულება 2 016 133 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ამ ეტაპზე, რუსთავის სხვადასხვა უბანში 17 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
