რუსთავში გორგასლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში ქართული გალობის ფესტივალი ჩატარდა.
„რუსთავმა, დღეს ქართული გალობის ფესტივალს უმასპინძლა, რომელიც ქვემო ქართლის მასშტაბით ჩავატარეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფესტივალი დარჩება კარგ ტრადიციად ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ქართული გალობის ფესტივალში, ქვემო ქართლის რეგიონის 19-მა გუნდმა და 120-მა მგალობელმა მიიღო მონაწილეობა რუსთავიდან, თეთრიწყაროდან, მანგლისიდან, წალკიდან, ბოლნისიდან და მარნეულიდან.
„რუსთავში დაარსდა ქართული გალობის ფესტივალი და ეს ფაქტი ძალიან გვახარებს. ამასთან ერთად, გვახარებს ისიც, რომ მასში, რუსთავთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონიც ჩაერთო. დიდი სურვილი და იმედი გვაქვს, რომ ეს ფესტივალი ტრადიციად ვაქციოთ და ყოველ წელს ჩატარდეს“, – განაცხადა რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ნიკოლოზ ტატუაშვილმა.
ფესტივალის დაწყებამდე, რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, გორგასლობის აღსანიშნავი წირვა-ლოცვა ჩატარდა.
„მინდა დღევანდელი დღე – ანდრია პირველწოდებულის და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღე მივულოცო ფესტივალის ყველა მონაწილეს. ფესტივალი, რომელიც დღეს რუსთავში გაიმართა, მნიშვნელოვანია იმით, რომ მან უამრავი ადამიანი გააერთიანა. მე მინდა უწმინდესს მოუხადო დიდი მადლობა, რომელიც ამ ყველაფერს გვერდში დიდი მხარდაჭერით დაუდგა. ასევე დიდი მადლობა რუსთავის მერს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას მსგავს წამოწყებებში“, – განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.
ქართული გალობის ფესტივალს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.
