რუსთავში, 21 აპრილს ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გაიხსნება.
ფესტივალი წელს პირველად ტარდება და მასში ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლებიდან, 1500-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის საკონკურსო ნაწილი, 21 აპრილს გაიხსნება და 25 აპრილს დაიხურება. ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი „ირიაო“ ასრულებს.
„ფესტივალ „ქართულის“ დაარსება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მიზანია, ხელი შევუწყოთ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს და გავაკეთოთ ქართული საქმე. წელს „ქართული“ ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით ტარდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო გაფართოვდება. 21 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, ყველას გელოდებით რუსთავის ცენტრალურ პარკში, აქ მოწყობილ ულამაზეს საფესტივალო სივრცეში დაგხვდებათ არაჩვეულებრივი გარემო“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის ნაპირზე მოწყობილ საფესტივალო სივრცეში საკონკურსო დღეები 25 აპრილს დაიხურება, თუმცა საფესტივალო დღეები 27 აპრილამდე გაგრძელდება.
კონკურს-ფესტივალი „ქართული“, რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.