რუსთავის ცენტრალურ პარკში, ნიჩბოსნობის აკადემიის ბაზაზე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ჩატარდა.
ტურნირი, პარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას, ქართველი და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენები იღებდნენ.
ტურნირს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,რუსთავის უნიკალური პარკი და ნიჩბოსნობის აკადემია, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა, გაგრძელებაა იმ დიდი ტრადიციების, რომელიც რუსთავს აქვს სპორტის ამ სახეობაში და მე მიხარია, რომ ეს ტრადიცია გრძელდება ჩვენს ქალაქში. დღეს ძალიან ლამაზი სანახაობა იყო და რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელმა ტურნირმა ძალიან ბევრი ადამიანი გააერთიანა. ნიჩბოსნობის სკოლა და ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ტურნირი, არის ახალი შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი სპორტის ამ სახეობის განვითარებას და პოპულარიზაციას ახალგაზრდებში“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავში, ნიჩბოსნობას საფუძველი ალექსანდრე წივწივაძემ, გასული საუკუნის სამოციან წლებში ჩაუყარა და სპორტის ამ სახეობის განვითარებაში, უდიდესი წვლილი სწორედ მან შეიტანა.
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობას ქალაქმა უკვე მეორედ უმასპინძლა.
,,ტურნირში 150 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე სომხეთიდან. ძალიან დაძაბული და საინტერესო სანახაობა გამოვიდა. ბავშვებმა სხვადასხვა სახეობებში აიღეს მედლები, გამარჯვებულს ასევე გადაეცა ალექსანდრე წივწივაძის სახელობის თასი. ღია პირველობას უკვე ტრადიციული სახე მიეცა და მომავალში უფრო მასშტაბური შეჯიბრების მოწყობას ვგეგმავთ“, – განაცხადა მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონმა ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძემ.
ტურნირში მონაწილეობა 2003-2005, 2006-2007, 2008-2009 წლებში დაბადებულმა ვაჟებმა და გოგონებმა მიიღეს. ახალგაზრდა სპორტსმენებმა 200 და 500 მეტრიანი დისტანციები გაცურეს. სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულებს მედლები, თასები და სიგელები გადასცეს.
,,თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიჩბოსნობა, დღეს ასოცირდება ქალაქ რუსთავთან. ჩვენ გვაქვს უნიკალური პაკი ტბით და ნიჩბოსნობის აკადემიით.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქ რუსთავის მერიასა და საზოგადოება ,,რუსთაველებს“, სწორედ მათი დახმარებით გაჩნდა რუსთავში სპორტსმენებისთვის ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ასევე გვყავს მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე, ჩვენს ქალაქში ნიჩბოსნობის განვითარებაში დიდი წვლილი, სწორედ მისმა ბაბუამ – ალექსანდრე წივწივაძემ შეიტანა, რომლის სახელობის ტურნირი წელს უკვე მეორედ გაიმართა“, – განაცხადა სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დემეტრაშვილმა.
ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ნიჩბოსნობაში, რუსთავის მერიის, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის და რუსთავის ნიჩბოსნობის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა.