რუსთავში შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს

რუსთავში, შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე, სადაც საშობაო სოფელი მოეწყობა, მთავარი ნაძვის ხის მორთვა თითქმის დასრულებულია.

საახალწლო ილუმინაციები და გირლანდები დამონტაჟდა კოსტავასა და მეგობრობის გამზირებზე. საახალწლოდ ირთვება თოდრიას სახელობის ქუჩა, ქალაქის ცენტრალური გამზირის შუაგამყოფი ზოლი, მესხიშვილის ქუჩის, მშვიდობის, ასევე შარტავას სახელობის და ჭყონდიდელის დასახლებაში არსებული სკვერები. სადღესასწაულოდ ეწყობა ქალაქის შიდასაუბნო სივრცეებიც. უკვე დასრულებულია ახალგაზრდობის სკვერის საახალწლო გაფორმებაც.

,,საახალწლოდ ქალაქის განათება და გალამაზება, რუსთაველების მოთხოვნა იყო. ჩვენ ამაზე ზრუნვა რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ. მერიის მთელი გუნდი ვართ ჩართული იმაში, რომ რაც შეიძლება ლამაზად მოირთოს ჩვენი ქალაქი და განსაკუთრებით ბავშვებისთვის იყოს საახალწლო განწყობა შექმნილი. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა მერიის გუნდს და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესს რუსთავში, ვინც მხარი დაგვიჭირა და ჩაერთო ქალაქში საახალწლო განწყობის შექმნაში. ჩვენ თითქმის დავასრულეთ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი და მიმდინარეობს ნაძვის ხის მორთვა. 10 დეკემბერს, ყველას ველოდებით, რომ ერთად ავანთოთ ნაძვის ხე“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქის საახალწლო გაფორმებაში, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად, რუსთავის მერიის თითქმის ყველა სამსახურია ჩართული. თავისუფლების მოედანზე, კი სადაც მთავარი ნაძვის ხეა განთავსებული, საშობაო სოფელი ეწყობა, რომელიც 10 დეკემბერს გაიხსნება.

წინა თავდაცვის მინისტრმა, რუსთავის მერმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა დამოუკიდებლობის სკვერი გახსნეს