რუსთავში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, კომპანია GWP-ი აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, კომპანია GWP-ი რუსთავში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს. სამუშაოები ხრამის სათავე ნაგებობის მეორე აწევის სატუმბო სადგურზე ხორციელდება, რომელიც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნო.

,,რუსთავში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, კომპანია GWP-ი აგრძელებს მასშტაბურ სამუშაოებს. პროექტები სისტემურად, სწორედ იმ გეგმის მიხედვით ხორციელდება, რომელიც სემეკთან ერთად შევიმუშავეთ. დღეს, ხრამის სათავე ნაგებობაზე ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რასაც ადგილზე გავეცანით. ამ პროექტის განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, სატუმბო სადგურში განახლდება მაგისტრალური მილსადენები და მოეწყობა 13 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რაც სადგურის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას და რუსთავის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

,,ჩვენ მონიტორინგის მიზნით ვიმყოფებით ხრამის სათავე ნაგებობაზე, სადაც რუსთავის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარეობს. საზოგადოების მოთხოვნა იყო და ჩვენც სემეკთან ერთად, GWP-ის ჩართულობით, გავეცით დაპირება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდებოდა. ქალაქს აქვს წყალმომარაგების 24 საათიანი გათიშვა, თუმცა ეს რეაბილიტაციის პროცესში, როგორც კომპანიაში აცხადებენ, არის ბოლო და აუცილებელი შეზღუდვა. პროექტების დასრულების შემდეგ, როგორც ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, უნდა მივიღოთ უწყვეტი წყალმომარაგება რუსთავსა და გარდაბანში”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა.

ხრამის სათავე ნაგებობის სრული სარეაბილიტაციო პროექტის ჯამური ინვესტიცია 8.6 მლნ ლარია.

,,რუსთავის წყალმომარაგების სისტემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც გარკვეულ ფაზებადაა დაყოფილი. ეს ფაზები მოიცავს, როგორც სათავე ნაგებობის, ასევე სატუმბო სადგურებისა და მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციას. გასული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ არაერთი საინვესტიციო პროექტი განვახორციელეთ, უშუალოდ ამ პროექტს რაც შეეხება, ხდება სატუმბო სადგურის შემწოვი და გამწოვი მილსადენის განახლება, ამავდროულად სრულად იცვლება ამორტიზებული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგების საკითხში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს”, – განაცხადა კომპანია GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ.

კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ხრამის სათავე ნაგებობაზე 14 ნოემბერს დაიწყო და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 14 ნოემბერს, დღის 15:00 საათიდან, 15 ნოემბრის დღის 15:00 საათამდე, რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ქალაქ გარდაბანს შეეზღუდა წყალმომარაგება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

წინა რუსთავში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული პროექტის ფარგლებში, ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება, ორს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება