სამხატვრო გალერეის გახსნა, თითოეული რუსთაველი ხელოვანისა და მხატვრის დიდი ხნის სურვილი იყო – ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, 20 წლის შემდეგ პირველად, ახალი – ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა აქვს. ახალი გალერეის გახსნით რუსთავის მერიამ მოსახლეობისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შეასრულა.

მე-20 საუკუნის უდიდესი ნონ-კონფორმისტი მხატვრის სახელობის ხელოვნების გალერეა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალ შენობაში, ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრების სერიის – „წელიწადის ოთხი დრო – ჩემი ეზო“- გამოფენით გაიხსნა. უნიკალური ნამუშევრების ეს სერია, მხატვარმა რუსთავში ცხოვრების პერიოდს მიუძღვნა. ფერწერულ ტილოებზე, მხატვრის სახლის ფანჯრიდან დანახული, 70- 80-იანი წლების რუსთავია ასახული.

ახალი სამხატვრო გალერეა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გახსნა.

,,რუსთავს სამხატვრო გალერეა, რომ ჰქონოდა, ეს წლების განმავლობაში თითოეული რუსთაველი ხელოვანისა და მხატვრის დიდი ხნის სურვილი იყო. 2005 წლიდან, როდესაც რუსთავში საგამოფენო სივრცე გაიყიდა, მათ საშუალება აღარ ჰქონდათ, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა, ჩვენს ქალაქში, აი ასეთ ლამაზ სივრცეში მოეწყოთ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ რუსთავში, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის გალერეა, დღეს მისი ფერწერული ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ეს გალერეა, ბევრი მხატვრისა და ხელოვანის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

გალერეის გახსნის ღონისძიებას, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარები – გიორგი ვოლსკი და ზაზა ლომინაძე, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, ხელოვნებისა და სამხატვრო სფეროს წარმომადგენლები, ოთარ ჩხარტიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

,,რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავში გაიხსნა ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის გალერეა. მე ბატონ ოთარს, პირადად ვიცნობდი. ნამუშევრები ციკლიდან – ,,ჩემი ეზო” უშუალოდ მასთან სახელოსნოში მაქვს ნანახი. ამ გალერეის გახსნა, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ხელოვანი ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენი გუნდის”, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის მერიამ, მოსახლეობისთვის და რუსთაველი მხატვრებისთვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება შეასრულა. ხელოვნების გალერეის გახსნით, რუსთაველი მხატვრების დიდი ხნის სურვილი ასრულდა. სამხატვრო გალერეის შენობა რუსთავში, 2005 წელს გაიყიდა და მას შემდეგ, რუსთაველ მხატვრებს, დახურული საგამოფენო სივრცე აღარ ჰქონიათ.

სივრცე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ახალი შენობის პირველ სართულს იკავებს, დღეიდან არა მარტო რუსთავის და საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბის გამოფენებსაც უმასპინძლებს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, კი ახალგაზრდული ცენტრის სტატუსით და მულტიდისციპლინური კონცეფციით, უკვე ამ შემოდგომიდან მიიღებს ახალგაზრდებს. ხელოვნების გალერეა, ახალგაზრდული ცენტრის ახალი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

 

წინა რუსთავში, ჭალის ტყის ეკოსისტემის აღდგენა იწყება