საქართველოში სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების მიზნით, ქვეყანაში პირველად, სივრცითი ფორუმი მიმდინარეობს.
ფორუმი, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციის – „სივრცის დაგეგმარება – საქართველო 2023″ გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, დაესწრნენ.
მიმდინარე ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ფორმატის პირველი შეხვედრა რუსთავში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი სააგენტის უფროსი იოანე მენაბდე რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა და ექსპერტებთან ერთად ქალაქის ის ტერიტორიები დაათვალიერა, რომელთა განაშენიანებაც სივრცითი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფცია, ექსპერტებს რუსთავის მერიის არქიტექტორების ჯგუფთან ერთად წარუდგინა.
რუსთავი, როგორც დედაქალაქის აგლომერაციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, სივრცითი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.
ფორუმის ფარგლებში, ექსპერტებთან სამუშაო ფორმატის შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იგეგმება. სივრცითი ფორუმი დღეს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.