ნინო ლაცაბიძე – ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტს, პროცესში ჩართულია სემეკიც

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე კომპანია რუსთავის წყლის მფლობელი GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ხრამის სათავე ნაგებობაზე განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. კომპანია ”რუსთავის წყალმა” ქალაქის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში, მდინარე ხრამის ნაპირდაცვისთვის, მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან ერთად, მდინარე ხრამის სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე მიმდინარე და უკვე შესრულებულ სამუშაოს, მონიტორინგის მიზნით გაეცნენ.

,,ჩვენ დავპირდით მოსახლეობას და რუსთაველები ხედავენ, რომ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ მიმდინარე პროექტს, მონიტორინგის პროცესში ჩართულია სემეკიც. კომპანია ,,რუსთავის წყალს“ დღეს ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ესპანური კომპანია მართავს, რომელსაც წყლის მენეჯმენტში საუკეთესო კომპანიად ითვლება მსოფლიოში. ეს კიდევ დამატებით საფუძველს გვიქმნის იმის სათქმელად, რომ რუსთავისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც ჩვენი მოთხოვნით დღეს ხორციელდება, რუსთავის წყალმომარაგებას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუდმივ მონიტორინგს და სისტემატურად მივაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ,,რუსთავის წყალს” დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანია Aqualia მართავს, რომელიც 2022 წელს, მსოფლიოში წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. მდინარე ხრამის ნაპირდაცვით სამუშაოებზე კომპანიამ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

,,მარეგულირებელი კომისიის დავალების საფუძველზე ,,რუსთავის წყალი ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქალაქში წყალმომარაგების სისტემის გამოცვლას და მოწესრიგებას, არამედ სათავე ნაგებობის მოწესრიგებასაც. ჩვენ დღეს ვიმყოფებით სათავე ნაგებობაზე, სადაც ვახორციელებთ შესრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოების მონიტორინგს“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ. კომპანია ,,რუსთავის წყლის“ ტექნიკური დირექტორის ზურაბ ალფაიძის განცხადებით, მდინარე ხრამთან არსებული შახტურ ჭები და ჭაბურღილები ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების მთავარ რეზერვუარებს წარმოადგენს. იმისთვის, რომ ქალაქის წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნას, მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული რეზერვუარები დაცული იყოს მოსალოდნელი წყალდიდობებისგან. ,,1000 მეტრზე მეტი სიგრძის გაბიონი, რომელიც კომპანია ,,რუსთავის წყალმა” მოაწყო მდინარე ხრამის ნაპირდაცვისთვის, მე-6 და მე-7 შახტური ჭებსა და მე-6, მე-7 და მე-8 ჭაბურღილებს დაიცავს მოსალოდნელი წყალმოვარდნებისგან. ხრამის სათავე ნაგებობაზე, ასევე მიმდინარეობს შახტური ჭების რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ 2023 წელს დაგეგმილ სამუშაოებს შორის, რომელთა დასრულების შემდეგ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.“, – განაცხადა კომპანია ,,რუსთავის წყლის“ ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ. GGU ჯგუფის გენერალური დირექტორის ხოსე მიგელ სანტოსის განცხადებით, ახალი მენეჯმენტის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი რუსთავის წყალმომარაგების სისტემა და ადგილზე არსებული პრობლემები. ,,სწორედ სისტემის სრულფასოვანი კვლევა დაედო საფუძვლად რუსთავის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის გეგმას. სისტემის მასშტაბურობა და სამუშაოების სირთულე, საკმაოდ დიდ დროს და სრულ მობილიზებას მოითხოვს, თუმცა ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ რუსთავში წყალმომარაგების პრობლემები. ჩვენ ვიცით, როგორ ვაკონტროლოთ პროცესი და ამას ქალაქის ხელმძღვანელობასთან და მოსახლეობასთან ერთად გავაკეთებთ. კომპანია ,,აქუალია“ 2023 წლის ბოლომდე რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს“, – განაცხადა GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა. როგორც კომპანია ,,რუსთავის წყალში” აცხადებენ, მათ მიერ ჩატარებული და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ქალაქ რუსთავის მოსახლეობა მუდმივად, სამუშაოების ყველა ეტაპზე იქნება ინფორმირებული.

წინა ნინო ლაცაბიძე- ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, იმ სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მოსახლეობას წლის დასაწყისში წარვუდგინეთ