ნინო ლაცაბიძე – რუსთავის მერიის გუნდის სახელით, გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს, რომელიც ზრუნავს ჩვენი ქალაქის უსაფრთხო და მშვიდ გარემოზე
რუსთავში, საქართველოს პოლიციისა და პროკურატურის პროფესიულ დღეებთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გამართულ საზეიმო მიღებაზე, ქვემო ქართლისა და რუსთავის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ. ,,პროფესიული დღე მივულოცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად, მათივე სიცოცხლის რისკის ფასად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და უსაფრთხო გარემო. ჩვენი ქალაქის ახალი განვითარება, რა თქმა უნდა ვერ იქნება უსაფრთხო გარემოს შექმნის გარეშე. რუსთავის მერიის გუნდის სახელით, გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს, რომელიც ზრუნავს ჩვენს ქალაქში უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შექმნაზე“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
საზეიმო მიღებაზე, ნინო ლაცაბიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, სამართალდამცავი სტრუქტურების ქვემო ქართლის და რუსთავის სამმართველოების, ასევე პროკურატურის წარმომადგენლებს, პროფესიული დღესასწაული მიულოცეს, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ნინო ლაცაბიძემ, შსს-ს სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული ქალბატონები გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში, სპექტაკლზეც მიიწვია. ,,პროფესიული დღე მინდა მივულოცო საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. მადლობა მინდა მათ გადავუხადო, იმ თავდადებული საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვისა და კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის ეწევიან“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.