საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, რუსთავში ოთხი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 9 ხმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, გურამიშვილისა და შევჩენკოს ქუჩებზე, გზის საფარისა და ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და ,,რუსთავის წყლის” წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაეცნენ.

,,რუსთავში ოთხი მნიშვნელოვანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იმის გარდა, რომ წყლის მილები და ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა, აუცილებელი იყო მიწისზედა სამუშაოების შესრულებაც. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა. ძალიან მალე, ეს ქუჩები განახლებული და გალამაზებული იქნება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

გზის საფარის აღდგენამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოების ღირებულება 3 698 976 ლარს შეადგენს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

,,რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დღეს, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარეობას, რუსთავის მერთან ერთად ადგილზე გავეცანით. სამუშაოები ოთხ ქუჩაზე მიმდინარეობს, პროექტი მოიცავს ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას და მისი ღირებულება თითქმის 4 მილიონ ლარს აღწევს“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

9 ხმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, გურამიშვილის და შევჩენკოს ქუჩებზე, ამ ეტაპზე, წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოებს კომპანია ,,რუსთავის წყალი” აწარმოებს.

გასულ წელს, აღნიშნულ ქუჩებზე  სრულად შეიცვალა სასმელი წყლის სისტემა. კომპანია ,,რუსთავის წყალმა“ წყალსადენისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციაზე ჯამში 830 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

,,9 ძმა ხერხეულიძის, შევჩენკოს, ლერმონტოვისა და გურამიშვილის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებზე საგზაო სამუშაოების დაწყებისას საკანალიზაციო ჭებზე პრობლემები გამოიკვეთა. ჩვენ მოვიკვლიეთ ეს უბნები და სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. საერთო ჯამში, აღნიშნულ ქუჩებზე 60 ერთეული ჭა შეიცვლება, ასევე გამოიცვლება ავარიული საკანალიზაციო სისტემის მონაკვეთები“, – განაცხადა კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ.

 

წინა რუსთავის მერიაში, მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალურ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს