რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერში, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.
რუსთაველებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, პარლამენტში ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერის მოადგილეებმა – ბესიკ ტოგონიძემ, ოთარ ტატალაშვილმა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებმა მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდან ქვეყნის თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. დამოუკიდებლობის სკვერის ტერიტორიაზე სადღესასწაულო სივრცე სხვადასხვა საბავშვო-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებითა დატვირთული. მოწყობილია ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა. გაიმართა კულინარიული მასტერკლასი, ანიმატორების შოუ და ორკესტრის კოსტიუმირებული მსვლელობა.
17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო რუსთავში საზეიმოდ აღნიშნეს.
ამ წუთებში, დამოუკიდებლობის სკვერში, სადღესასწაულო კონცერტი მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივი მუსიკოსები და ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობენ. საღამოს კულმინაცია ნოდარიკო ხუციშვილის და ბენდის კონცერტი იქნება.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთავში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.