საქართველოს დამოუკიდებლობის 105- ე წლისთავი რუსთავში, წელს პირველად ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, ახლადრეაბილიტირებულ დამოუკიდებლობის სკვერში აღინიშნება.
რუსთავში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ქუჩებში საქართველოს სახელმწიფო დროშები და ბანერები გამოიფინა, სადღესასწაულოდ გაფორმდა დამოუკიდებლობის სკვერი, ცურტაველის მოედანზე უკვე დასრულდა სცენის მონტაჟი.
,,26 მაისი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით, რუსთავში ამ დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია, სხვადასხვა ღონისძიებით დატვირთული ძალიან საინტერესო დღე გველოდება, ამიტომ ვიწვევთ ყველას, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა.
დამოუკიდებლობის სკვერის მიმდებარე მოედანზე, ქვეყნის თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა დილიდან იქნება გამოფენილი. საზეიმო განწყობა დამოუკიდებლობის სკვერში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
ოფიციალური პროგრამა, დღის ორი საათიდან ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენით გაიხსნება, სადღესასწაულო სივრცე სხვადასხვა საბავშვო-შემეცნებითი და გასართობი აქტივობითა და პავილიონებით იქნება დატვირთული. გაიმართება კულინარიული მასტერკლასი და ანიმატორების შოუ, პარალელურად დაიწყება ორკესტრის კოსტიუმირებული მსვლელობაც. 17 საათსა და 10 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო – საზეიმოდ აღინიშნება. სადღესასწაულო კონცერტს ადგილობრივი მუსიკოსები და ქორეოგრაფიული ანსამბლები გახსნიან. საღამოს კულმინაცია ნოდარიკო ხუციშვილის და ბენდის კონცერტი იქნება.