რუსთავის მერიამ, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობის კიდევ ერთი ახალი პლატფორმა – ,,თაობა მომავლისთვის” შექმნა. პროექტის ფარგლებში ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და ,,თაობა მომავლისთვის” ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ახალგაზრდებს ქალაქში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების, ასევე პროექტების შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინა. ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა პროექტის ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში ახალგაზრდებთან კომუნიკაციის ახალ ფორმაზე და ქალაქის მართვის პროცესში დიალოგის ფორმატში, მათთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
,,რუსთავში ახალგაზრდებს აქვთ კარგი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ქალაქის ახალ განვითარებაში და პროექტი ,,თაობა მომავლისთვის“ სწორედ ამის საშუალებას იძლევა. ჩვენ მზად ვართ ახალგაზრდების ჯგუფისგან მოვისმინოთ ნებისმიერი რეკომენდაცია, სიახლე და ერთად დავგეგმოთ ქალაქში მათი განხორციელების გზები. პროექტი ,,თაობა მომავლისთვის“, წელს დავიწყეთ და მისი გაგრძელება, არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ახალგაზრდებთან მუდმივად გვქონდეს კომუნიკაცია და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთად ვიმსჯელოთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ქალაქის მართვაში ახალგაზრდების მონაწილეობის ახალი პლატფორმის ჩამოყალიბება, კამპანიით – ,,თაობა მომავლისთვის” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ნინო ლაცაბიძე რუსთავის ყველა კერძო და საჯარო სკოლის უფროსკლასელს შეხვდა.
რუსთავის მერმა მათ ქალაქის ახალი განვითარების გეგმა გააცნო. კამპანიის ბოლოს კი რუსთავის სკოლებში ,,სკოლის ელჩის” არჩევნები ჩატარდა.
,,სკოლის ელჩები” და ონლაინრეგისტრაციით შერჩეული სტუდენტები კი ახალგაზრდული ჯგუფის – ,,თაობა მომავლისთვის” წევრები გახდნენ. ჯგუფის წევრები სამუშაო ფორმატში, ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვას, პროექტებისა და რეკომენდაციების სახით მიაწვდიან რუსთავის მერს.
,,თაობა მომავლისთვის” არცერთი წევრი არ არის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპი, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა და რეალური თვითმმართველობის განხორციელებაა.