ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიანი უფასო კურსის შესახებ

ა(ა)იპ რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმო ქალების  ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიან კურსებზე  მიღებას იწყებს. კურსი განკუთვნილია რუსთავში მცხოვრები ქალებისთვის, ვისაც აქვს სურვილი, დაეუფლოს ავტობუსის მძღოლის პროფესიას.

„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, როგორც ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების. პრაქტიკული სწავლების დროს კი, მონაწილეები გაივლიან ავტობუსის მართვისა და მანევრირების გაკვეთილებს, როგორც დახურულ მოედანზე ისე ქალაქში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ მოწმობას. გარდა ამისა, კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს და მიიღებენ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კურსის  დასრულების შემდეგ, ავტობუსის მძღოლის „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ დასაქმდნენ ავტობუსის მძღოლად, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში.

კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს.

სწავლება გაგრძელდება 15 დღის განმავლობაში და მისი დაწყების თარიღი 2024 წლის 20 მაისია. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ქალს, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • არის რუსთავის მუნიციპალიტეტის მკვიდრი;
  • არის სულ მცირე 24 წლის;
  • აქვს „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • აქვს მსუბუქი ავტომობილის მართვის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო, ჰქონდეს მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის გამოცდილება);
  • არ აქვს მნიშვნელოვანი საგზაო დარღვევები (ავარიები, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა);
  • მზადაა, ბოლომდე გაიაროს მომზადების კურსი და გავიდეს მართვის მოწმობის შესაბამის გამოცდაზე.

დაინტერესებულმა პირებმა დღეიდან 15 მაისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობის ასლი.

განაცხადის გაკეთება შესაძლებელია:

  • სატრანსპორტო კომპანიის Facebook გვერდზე და რუსთავის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით: ქალებისავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამა (jotform.com);
  • შემდეგ ელექტრობულ მისამართზე: Qalebiskursi@gmail.com დოკუმენტების გაგზავნით. სათაურში მითითებული უნდა იყოს ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამა;
  • ა(ა)იპ რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოში დოკუმენტების წარდგენით;
  • ქვემოთ მოყვანილი QR კოდის დასკანერებით:

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და მსუბუქი ავტომობილის მართვის უნარების შემოწმებას.

*ქალების გადამზადების კურსი ხორციელდება პროექტის „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 

წინა რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” ტარდება