რუსთავში „ოქსიგენ ფესტი“ (Oxygen/Fest) გაიხსნა. „ოქსიგენის“ საფესტივალო სივრცე, სხვადასხვა აქტივობით დღეიდან დაიტვირთება და სტუმრებს 7 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
Oxygen Fest-ი რომელიც რუსთავში უკვე მესამედ ტარდება, ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გაიხსნა. 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე, თევზჭერის მოყვარულები ყოველ შაბათ-კვირას შეიკრიბებიან.
„ოქსიგენი“ ტრადიციულად თევზჭერის ფესტივალით გავხსენით. თევზჭერის მოყვარულებს პარკის ტერიტორიაზე ერთი თვის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას შეეძლებათ მოსვლა და ფესტივალში ჩართვა. პარალელურად გაიმართება მუსიკალური საღამოები. ფეხბურთის გულშემატკივრებს კი შესაძლებლობა ექნებათ ევროპის ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას 14 ივნისიდან დაესწრონ. 5 ივლისიდან კი Oxygen Fest-ის მთავარი, დასკვნითი მუსიკალური ნაწილი დაიწყება და 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. „ოქსიგენში“ წელს მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი მუსიკოსები, ასევე უცხოელი შემსრულებლები და ჯგუფები“, – განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.
2 ივნისიდან „ოქსიგენის“ საფესტივალო სივრცეში სტარტს ფესტივალის მუსიკალური ნაწილიც აიღებს. Oxygen Fest-ის მუსიკალური სივრცე, რომელიც წელს, რუსთავის პარკში ამფითეატრისა და რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება მოწყობილი, სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფსა და ფესტივალის სტუმარს უმასპინძლებს.
14 ივნისიდან საფესტივალო სივრცეში ფეხბურთის გულშემატკივრებს ევროპის ჩემპიონატის მატჩების ერთად ყურების შესაძლებლობა ექნებათ.
5 ივლისიდან, კი ფესტივალის მთავარი დასკვნითი მუსიკალური ნაწილი დაიწყება და 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს „ოქსიგენ ფესტის“ სტუმრებს.
ოქსიგენი“ რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული მასშტაბურობით იქნება გამორჩეული და მასში ქართული მუსიკალური ჯგუფების გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას.