რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კიდევ ერთ ქუჩაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში, თოდრიას ქუჩაზე არსებული მოედნიდან, კაპანაძის ქუჩამდე 10 000 მ2. ფართობზე, ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი მოეწყობა. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის დეტალებს, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.
,,რუსთავში დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელიც თოდრიას ქუჩის წრიდან კაპანაძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გულისხმობს. პროექტით სრულად მოწესრიგდება ასფალტის საფარი, დამონტაჟდება სრულიად ახალი განათების სისტემა, დაცული იქნება საგზაო უსაფრთხოების ნორმები, დამონტაჟდება ახალი გაჩერებები იმისთვის, რომ მუნიციპალურმა ტრანსპორტმა უფრო თავისუფლად შეძლოს გადაადგილება.”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება აღნიშნულ ქუჩებზე არსებული მოედნები, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე არხებს, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ახალი გაჩერებები.
,,ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, რაც რუსთავის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი აქცენტი კეთდება თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების შექმნაზე, რაც ამ და სხვა ქუჩებზე მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
პროექტი, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, სხვადასხვა სახის სამუშაო, რუსთავში უკვე 39 ლოკაციაზე დასრულდა და 8 მისამართზე მიმდინარეობს.