რუსთავის მუნიციპალიტეტი კონკურსში – ,,პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2022“ წლის რეგიონულ მხარდამჭერად დასახელდა.
პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, 2022 წლის „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს გადასცეს.
,,პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს” 2022 წლის გამარჯვებულები შემდეგ ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: პროფესიული განათლების სტუდენტი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამა, პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.
საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში, კოლეჯმა „მოდუსმა“ მიიღო.
ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ათასწლეულის ფონდის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სფეროსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით წელს მეხუთედ ჩატარდა.
კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.