ჩვენი გუნდისთვის, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, თანამშრომლების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა, ,,თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ხელშეწყობის“  პროექტის ფარგლებში,  ,,რუსთავის კორპუსის“  44 თანამშრომელი  გადაამზადა.

სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები ,,რუსთავის კორპუსის“  თანამშრომლებს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრ თამარ გოგაძესთან ერთად  გადასცეს.

,,ჩვენი გუნდისთვის,  ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თანამშრომლების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად შევძლოთ ახალი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ქალაქის მოვლა-პატრონობა. მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა ამჯერად გადაამზადა რუსთავის კორპუსის თანამშრომლები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ტრენინგ-მოდული “მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები” წინასწარი კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შემუშავდა და ეფექტური კომუნიკაციის, გამოწვევების, რთული სიტუაციების მართვის, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის ძირითად პრინციპებსა და  საკითხებს მოიცავდა.

,,ჩვენი სახელისუფლებო და პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სწორედ სახელმწიფო სერვისების განვითარება. რუსთავი ამ მიმართულებით მოწინავეა საქართველოში, სწორედ სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების მიზნით შექმნა რუსთავის მერიამ მუნიციპალური  რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრი, რომელიც ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მუნიციპალური სერვისების კიდევ უფრო მეტად დახვეწაზე“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

საქართველოს მუნიციპალიტეტებში, პირველი მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრი, რუსთავის მერიამ დააფუძნა. ცენტრი, სხვადასხვა დარგის მოწვეულ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად, მუნიციპალური მომსახურების თითქმის ყველა სფეროში  გეგმავს და ამზადებს რეფორმებს.

რუსთავის მერიაში, მუნიციპალური სერვისების რეფორმა, ორი წელია რაც მიმდინარეობს.  სწორედ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოში პირველად, რუსთავში შეიქმნა მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, გაიხსნა თანამედროვე მედიათეკა, ჩამოყალიბდა ახალი სამსახური – მუნიციპალური ინსპექცია. რეფორმა გატარდა ტრანსპორტის, არქიტექტურის, ქალაქის დასუფთავების სფეროებში.  რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრის შექმნით კი  რეფორმების გატარების პროცესს უფრო სისტემური ხასიათი მიეცა.

ცენტრის მიზანი, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება-მოდერნიზაციასთან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის, რუსთავში გატარებული რეფორმების ფარგლებში დაგროვილი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარებაა. რუსთავის მერია  პირველი მუნიციპალიტეტი იქნება  საქართველოში, რომელიც თანამედროვე სერვისებისა და რეფორმების შესახებ  დაგროვილ გამოცდილებას, უახლოეს მომავალში სხვა მუნიციპალიტეტებს ტრენინგების ფორმით გაუზიარებს.

 

წინა რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (მეტალურგიული საწარმოს საჩამომსხმელო საამქროს აირგამწმენდი სისტემის მოდერნიზაციის) პროექტის სკრინინგის ანგარიშის” შესახებ