გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევის საკითხზე ისაუბრა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის მნიშვნელობასა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის განცხადებით, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში 87% -იანი პროგრესია, რაც სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მიღწეულ პროგრესზე და მერიის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ რუსთავს გამწვანების დიდი პოტენციალი აქვს, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროცესს.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში ჩართული შესაბამისი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობისა და მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

უახლოეს მომავალში, საქართველოს პარლამენტი, ტექნიკური ინსპექტირების განმეორებითი ჯარიმისა და ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის კანონპროექტს დაამტკიცებს, რაც ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხის გადაჭრას.

პრეზენტაციას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები: ნინო თანდილაშვილი, კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი და სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდე“-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წინა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება