ნინო ლაცაბიძე – ფეხბურთი დღეს არის სპორტის ის სახეობა, რომელზეც თითოეული პატარა ოცნებობს

ევრო-2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩის დაწყებამდე, რუსთავში სიმბოლურად, ახალი შიდა საუბნო საფეხბურთო მოედანი და სპორტული სივრცე გაიხსნა.

ახალი სტადიონი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ პატარა ფეხბურთელების იმ გუნდთან ერთად გახსნა, ვისი თხოვნითაც, რამდენიმე თვის წინ, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ახალი სტადიონის, საკალათბურთო მოედნისა და ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა გადაწყდა.

,,ფეხბურთი დღეს არის სპორტის ის სახეობა, რომელზეც თითოეული პატარა ოცნებობს. რამდენიმე თვის წინ, ბავშვებისა და მათი მშობლების მოთხოვნა იყო, რომ მათ სტადიონი ჰქონოდათ, რადგან სპორტული სივრცე, სადაც ისინი წლების განმავლობაში ვარჯიშობდნენ, აღარ ჰქონდათ. ჩვენ რა თქმა უნდა, 200-მდე ბავშვს ვერ დავტოვებდით უყურადღებოდ და მიხარია, რომ თვენახევარში შევძელით ახალი, თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედნის მოწყობა, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ასობით ბავშვი, კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით, მონდომებით ივარჯიშებს და მიაღწევს სასურველ მიზანს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სტადიონის გახსნას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დაესწრო..

,,ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ დაკვეთას წარმოადგენს. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის კი ერთ-ერთი მთავარი, არის ის, რომ შევქმნათ ღირსეული სპორტული ინფრასტრუქტურა. სწორედ ამის კარგი და ნათელი მაგალითია დღეს რუსთავში გახსნილი ახალი საფეხბურთო მოედანი. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენისა და ფეხბურთელის კარიერა ჩვენს ქალაქთანაა დაკავშირებული. საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის კარიერის დასაწყისიც სწორედ რუსთავთან დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტადიონზეც აღიზრდება ძალიან ბევრი ღირსეული და წარმატებული ფეხბურთელი”, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

სტადიონის გახსნის შემდეგ, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე შეკრებილი პატარა ფეხბურთელები და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები, ცენტრალური პარკისკენ მსვლელობით გაემართნენ, სადაც ,,ოქსიგენის” საფესტივალო სივრცეში თავმოყრილ თანაქალაქელებს შეუერთდნენ და ერთად უგულშემატკივრეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენებისთვის სპეციალური სივრცე, რუსთავის მერიის ორგანიზებით არის მიწყობილი და ის ფეხბურთის გულშემატკივრებს 26 ივნისსაც უმასპინძლებს.

 

 

 

წინა ნინო ლაცაბიძე – ეროვნულ ურბანულ ფორუმზე, სადაც საქართველოს ქალაქების სივრცით დაგეგმარებაზე ვისაუბრეთ, რუსთაველებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვნეს საკითხზე- რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის პრობლემაზეც გავამახვილეთ ყურადღება