ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ნინო ლაცაბიძე – არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს

რუსთავის მერიამ, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ქმედებები სასამართლოში გაასაჩივრა, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო, ფუნქციონირებას შეუდგა, რუსთავის მერია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პარალელურად, სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოიყვანოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს. რუსთაველები კარგად ხედავენ, საქართველოს მთავრობის თანადგომით, რამდენი ახალი პროექტი ხორციელდება ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს ვგეგმავთ მომავალი წლისთვისაც და ამ ფონზე, ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს გადაყოლილი, ფუნქციადაკარგული საკრებულო, სერიოზულ ზიანს მოუტანს ქალაქს. რუსთავის მერიის ორწლიან მცდელობებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრებს, დეპუტატების ფუნქცია შეესრულებინათ და ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განეხილათ, შედეგი არ მოჰყვა. არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, საკრებულოს ოპოზიციური პარტიები, უხეშად არღვევენ რეგლამენტს, სხდომაზე განსახილველად არ გააქვთ და უკან დასაბუთების გარეშე აბრუნებენ მერიიდან გადაგზავნილ უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

„რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი – „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიცია, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს, კომისიებიდან სხდომაზე არ გააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს მერიიდან გადაგზავნილ, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ამ ქმედებით, ერთის მხრივ ფერხდება ქალაქის განვითარება, ზარალდება რუსთავის მოსახლეობა და ხელი ეშლება მერიის საქმიანობას, მეორეს მხრივ, კი საკრებულო კარგავს კანონით მინიჭებულ ფუნქციას“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, რუსთავის მერიამ, ამის თაობაზე წერილობით არაერთხელ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს და შესაბამისი ზომების გატარება მოსთხოვა მას.

„ჩვენ წერილობით არაერთხელ მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს და მოვთხოვეთ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, რათა საკრებულოს საქმიანობის ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა და წესად აქცია, დასრულებულიყო, თუმცა, უშედეგოდ. რუსთაველების ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურმა კოალიციამ მოღვაწეობის 2 წლის თავზე მაინც დაიწყოს საკუთარი მოვალეობის შესრულება, იძულებულნი გავხდით სასამართლოსთვის მიგვემართა. როცა ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელოვნურად ფერხდება, როცა რუსთაველების ინტერესები ილახება და ქალაქის განვითარებას გამიზნულად ეშლება ხელი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტი ავამოქმედოთ და ეს უპრეცედენტო მავნებლობა დავასრულოთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, უწყებამ ქალაქის სასამართლოში სარჩელი 27 ოქტომბერს შეიტანა.

 

წინა რუსთავში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა გაიმართა ნიჩბოსნობაში