რუსთავში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში პირველი მუნიციპალური სერვისების ცენტრი გაიხსნა. პროექტი, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
რუსთავში განხორციელებული რეფორმებისა და მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრის შესახებ პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.
,,მერიის გუნდის აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს გავხსენით მუნიციპალური სერვისების ცენტრი. რეფორმები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს დაწყებული, ძირითადად ეფუძნება ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს და იმ საკითხების გამოსწორებას, რასაც ისინი ითხოვდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს იმისთვის, რომ თითოეულმა რუსთაველმა მერიასთან კომუნიკაციის დროს, მასზე მორგებული სერვისების მიღება, სწრაფად და ეფექტურად შეძლოს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
საქართველოში პირველი მუნიციპალური ცერვისების ცენტრის გახსნას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, USAID – ის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში – ჯუნიპერ ნილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავი საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
,,მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, ასეთი ინოვაციური იდეა, რომ განავითარა თავის გუნდთან ერთად და მოიყვანა რეალიზებაში. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც კონსულტაციას უწევდნენ ამ პროცესში. ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტა სამაგალითოა სხვა მუნიციპალიტეტებისთვის. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობები იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ის პასუხისმგებლობები, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცემა, სერვისების მიწოდების მხრივ შესაბამისი ეფექტიანობით იქნას შესრულებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მოგვიანებით, ახლადგახსნილ ცენტრში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ მენთეშაშვილმა მემორანდუმი გააფორმეს. რომლის საფუძველზეც, მუნიციპალურ სერვისცენტრში კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგება და მოქალაქეებს კონსულტაციას, დასაქმების კუთხითაც გაუწევენ.
,,მისასალმებელია, რომ დღეს რუსთავში ახალი თანამედროვე სტანდარტების მუნიციპალური სერვისების ცენტრი გაიხსნა. მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება იმისთვის, რომ გარკვეული მუნიციპალური სერვისით ისარგებლონ. დღეიდან უკვე ამ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში შეძლებენ მოსვლას, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეშია მოქცეული ყველა მუნიციპალური სერვისი“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
ახალ ცენტრში, რუსთაველები ყველა მუნიციპალური სერვისით, ერთ კომფორტულ და თანამედროვე სივრცეში ისარგებლებენ. ცენტრი, სადაც მოქალაქეებს უნივერსალური ოპერატორები მოემსახურებიან, აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების მისაღებადაც.
,,რუსთავში დღეს გაიხსნა მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი, რომელიც მოემსახურება თითოეულ რუსთაველს. გარდა იმისა, რომ სრულფასოვან მუნიციპალურ სერვისებს მიიღებენ რუსთაველები აქ, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, რაც პირდაპირ ეხმიანება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ დეცენტრალიზაციის სტრატეგიას“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.
მუნიციპალური სერვისების რეფორმა რუსთავის მერიაში უკვე მეორე წელია, რაც მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში, უკვე ჩამოყალიბდა რუსთავის მერიის ცხელი ხაზი- 1300, შეიქმნა ახალი სამსახური-მუნიციპალური ინსპექცია, წარმატებით განხორციელდა დასუფთავების სერვისის რეფორმაც. მოქალაქეთა მომსახურების სფეროს სრული რებრენდინგი, რუსთავის მერიაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.