ნინო ლაცაბიძე – საკრებულოში შექმნილი მავნებლური ოპოზიციური კოალიცია, რუსთავს და რუსთაველებს საბოტაჟს უწყობს და ქალაქის განვითარების შეფერხებას აგრძელებს

,,რუსთავის საკრებულოში შექმნილი მავნებლური ოპოზიციური კოალიცია, რუსთავს და რუსთაველებს საბოტაჟს უწყობს და ქალაქის განვითარების შეფერხებას აგრძელებს“, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რუსთავის მერის თქმით, საკრებულო ამჯერად, ქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა, არ განიხილავს ისეთ საკითხებს, რომელმაც ქალაქს დამატებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა მოუტანოს.

,,რუსთავის საკრებულოში, კოალიცია, რომელიც ნაცმოძრაობის და პარტია ,,საქართველოსთვის” წევრებისგან შედგება, უკვე მეორე წელია, რუსთაველების წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებს. საკრებულოს თავმჯდომარის პასიური პოზიცია, რომელიც პარტია ,,საქართველოსთვის” წევრია, ნაცმოძრაობის მხრიდან დაგეგმილ მავნებლურ პოლიტიკას ამყარებს და რუსთავს, განვითარებისა და პროგრესის რეალურ შესაძლებლობას უკარგავს. ოპოზიციური გაერთიანება, რომლის მავნებლურ პოლიტიკურ ინტერესებსაც რუსთავის ინტერესები ეწირება, უკვე ორი წელია, მხოლოდ საკრებულოს რეგლამენტის დარღვევით, პოლიტიკური ნიშნით, თანამშრომლების დევნით და სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელებითაა დაკავებული“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე თქმით, რუსთაველებს ახსოვთ, რამხელა ძალისხმევა დასჭირდა რუსთავის მერიის გუნდს და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ 2023 წელს, რუსთავი დამტკიცებული ბიუჯეტით და სწორად დაგეგმილი პროექტებით შეხვედროდა.

,,უკვე მეორე წელია, ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გადალახვა გვიწევს ნებისმიერი ახალი სოციალური პროგრამის თუ ქალაქის ეკონომიკური წინსვლისთვის საჭირო პროექტების დასამტკიცებლად. პარალელურად, კი ოპოზიცია, რომელიც ქალაქში ინვესტიციების განხორციელებას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს ბლოკავს და პოლიტიკური ნიშნით დევნის საკუთარ თანამშრომლებს, არღვევს კანონს და იმ წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტს, სადაც ხალხის ინტერესების დასაცავად აირჩიეს. მივმართავთ საკრებულოს ოპოზიციურ კოალიციას, შეწყვიტონ ის მავნებლური პოლიტიკა, რასაც რუსთაველები უკვე მეორე წელია, აკვირდებიან და დაკავდნენ საქმით, რისთვისაც მოსახლეობამ ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში აირჩია“, – განაცხადა რუსთავის მერმა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, საკრებულოს დღევანდელ სხდომამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, ამიტომ ის კიდევ ერთხელ მიმართავს თავმჯდომარეს, აიღოს პასუხისმგებლობა ქალაქის წინაშე და ყველა ის საკითხი, რომელიც უკვე თვეებია გაჩერებულია, განსახილველად გაიტანოს.

,,არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ იბლოკება ქალაქისთვის მნიშვნელოვანი თემები. მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს, გაიტანოს სხდომაზე განსახილველად ეს მნიშვნელოვანი საკითხები და აიძულოს ოპოზიცია, შეწყვიტოს საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ამის საშუალებას მას აძლევს რეგლამენტი და კანონი. ქალაქში, დღეს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და ამას თითოეული რუსთაველი კარგად ხედავს, ჩვენ არ გვაქვს დრო ოპოზიციური საკრებულოს მახინჯ პოლიტიკურ პროცესებში მივიღოთ მონაწილეობა. მოვუწოდებ კარგად გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა რუსთაველების წინაშე და მოგვცენ საშუალება ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი სარგებლობა მოვუტანოთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

წინა რუსთავში, შპს „რუსთავის ფოლადის“ დღე-ღამეში 100 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის განთავსებასა და დამუშავებაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ