რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ბრიუსელში, ევროპის რეგიონული კომიტეტის და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ მეცხრე შეხვედრას დაესწრო და პანელში, თემაზე-,,ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების გაფართოების პროცესი“, სიტყვით გამოვიდა.
ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესში, სამთავრობო და საპარლამენტო მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
,,დღეს ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია ევროკავშირის გზაზე და კიდევ უფრო საპასუხისმგებლოა, ვისაუბრო იმ მუნიციპალურ რეფორმებზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და მოგვცემს შესაძლებლობას, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. დღეს ჩემს ქვეყანას დამტკიცებული აქვს დეცენტრალიზაციის გეგმა. ეს პროცესი მიდის და მუნიციპალიტეტებში სწრაფი ტემპით ვახორციელებთ რეფორმებს, რომ გავაუმჯობესოთ ადგილზე არსებული სერვისები, მზად დავხვდეთ ახალ დელეგირებებს და შევძლოთ მათი ეფექტიანი შესრულება. პირველად, მუნიციპალურ დონეზე, რუსთავში შევქმენით რეფორმების ცენტრი, სადაც ჩვენს გუნდთან ერთად, დავიწყეთ სერვისების ახლებურად გაანალიზება. ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ხორციელდება რეფორმები და პროექტები, პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ხალხმა კიდევ უფრო ღირსეულად იცხოვროს. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები ერთად ვაძლიერებთ ქვეყანას, რომლის კურსიც არის ევროპული. ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი უნიკალური ენით რომელსაც ახლა უსმენდით და ქართული ტრადიციების დაცვით გავხდეთ სრულფასოვანი წევრები დიდი ევროპული ოჯახის.“-განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.