ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ნინო ლაცაბიძე – ,,ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო ბიუჯეტის დამტკიცება და სწორედ ამიტომ მოვითმინეთ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა ოპოზიციური საკრებულოს წევრებისგან”

რუსთავის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი, ხმაურიანი განხილვის შემდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, სხდომაზე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.

ქალაქის მერმა პარტია ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,საქართველოსთვის“ წევრების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა. სხდომა 5 საათს გაგრძელდა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა.

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიუროს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი უარყოფითად შეაფასა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ალექსანდრე ბერიძემ საკრებულოს სხდომაზე საკითხის მერის მიერ წარდგენამდე განაცხადა, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერდა. ნაცმოძრაობის დეპუტატებმა სხდომა დატოვეს და განაცხადეს, რომ დარბაზში კენჭისყრის დროს დაბრუნდებოდნენ.
სხდომის დასასრულს კი 2024 წლის ბიუჯეტი 19 ხმით დამტკიცდა. ბიუჯეტს მხარი ,,ქართული ოცნების“ 16-მა და პარტია ,,საქართველოსთვის“ სამმა წევრმა დაუჭირა.
რუსთავის 2024 წლის სასტარტო ბიუჯეტი, 2023 წელთან შედარებით 25 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 112 753 324 ლარს შეადგენს.

როგორც ხმაურიანი სხდომის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რუსთავი არის კარგი მაგალითი იმისა, რომ მოსახლეობამ არასდროს აღარ დაუშვას ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მსგავსი პარტიების წარმომადგენლობით ორგანოში მოსვლა, რადგან ამით, ისინი მხარს უჭერენ საკუთარი ქალაქებისა და სოფლების გაჩერებას.
,,სანამ ეს ორი პარტია შეთანხმდებოდა ვინ, ვისთან, რა გარიგებაში იყო, ჩვენთვის ბიუჯეტის დამტკიცება იყო მთავარი, იმისთვის რომ მოგვცემოდა მუშაობის გაგრძელებისა და იმ პროექტების განხორციელების საშუალება, რომელიც მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ. სწორედ ამიტომ მოვითმინეთ დღეს ამდენი შეურაცხყოფა. ჩვენ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად ვიყავით მზად. მთავარი მიზანი იყო ბიუჯეტის დამტკიცება და სწორედ ამიტომ მოვითმინეთ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა ოპოზიციური საკრებულოს წევრებისგან. რუსთაველებმა იციან, რომ ეს ბიუჯეტი მაქსიმალურადაა მორგებული მათ მოთხოვნებზე, რადგან სწორედ მათთან ერთად ვადგენდით მას თითქმის 7 თვის განმავლობაში, როცა ამხანაგობებს ვხვდებოდით, როცა ახალგაზრდებთან შეხვედრებზე დავდიოდით, როცა თითქმის ყველა ეზო შემოვიარეთ, რომ თითოეული თეთრი ამ ბიუჯეტის, მათ ინტერესებზე ყოფილიყო მორგებული“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებმა ხმაური უკვე საკრებულოს ფოიეში გააგრძელეს, სადაც ჯერ საკუთარ თანაპარტიელ ქალბატონს მიაყენეს შეურაცხყოფა და ძალის გამოყენებით შეიყვანეს ოთახში, შემდეგ კი, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია TV-4-ის დირექტორზე, გიგი მგალობლიშვილზე გადმოერთნენ, რომელიც მომხდარ ინციდენტს ვიდეოკამერით იღებდა და მათ თანაპარტიელ ქალბატონს გამოესარჩლა.

 

წინა რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის, შევჩენკოს ქუჩებისა და მათი დამაკავშირებელი მოედნის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება