ნინო ლაცაბიძე – ეს არ იყო პროცესი, რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ, ეს იყო პროცესი, რუსთავი და რუსთაველები ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას პარტიის დაჯგუფების წინააღმდეგ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2023 წლის 28 სექტემბრის #39-392327116 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საკრებულოს დაევალა, თავიდან განიხილოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი საკითხები.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, არაუფლებამოსილ პირებად იქნენ აღიარებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიები, მერიის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, უკეთ შესწავლის მიზნით, ისევ მერიისათვის უკან დაბრუნების ნაწილში.

სასამართლო სხდომას დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერმა განაცხადა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან ეს არ იყო პროცესი რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ, ეს იყო პროცესი, რუსთავი და რუსთაველები „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის დაჯგუფების წინააღმდეგ.

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლომ შექმნა პრეცედენტი, რომლის საფუძველზეც, მომავალში ვერც ერთი პოლიტიკური დაჯგუფება ვეღარ შეძლებს კანონი და საკრებულოს რეგლამენტი, საკუთარ ამბიციებს მოარგოს. ეს არ იყო პროცესი რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ, ეს იყო პროცესი, რუსთავი და რუსთაველები „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელმაც 2 წლის განმავლობაში იმის გააზრებაც კი ვერ შეძლო, რა ფუნქცია აქვს ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს და რას უნდა აკეთებდეს არჩეული დეპუტატი. რუსთავის საკრებულოს ოპოზიციის ორწლიანი ე.წ. მოღვაწეობა, არის ნათელი მაგალითი იმის, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოუტანოს ქალაქს და ქვეყანას, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, ნაციონალური მოძრაობის და გახარიას პარტიის მსგავსი ჯგუფების მოსვლამ. „ნაცმოძრაობის“ და გახარიას პარტიის გაერთიანება რუსთავში უკვე აღარ არის კოალიცია, ეს არის დაჯგუფება, რომლის ერთადერთი მიზანიც ქალაქის განვითარების შეფერხებაა”, – განაცხადა  რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ინფორმაციისთვის, რუსთავის მერიამ სასამართლოს სარჩელით 2023 წლის 27 ოქტომბერს მიმართა.

 

წინა რუსთავში აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა