რუსთავში მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროექტის-ჭალის ტყის განვითარებაზე იწყება მუშაობა. სტრატეგიული დოკუმენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთავის მერიის და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) ჩართულობით შეიქმნა და რუსთავის ჭალის ტყის აღდგენას, განვითარებას და კონსერვაციას გულისხმობს.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების დეტალები, მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა.
,,რუსთავის ეკოლოგიის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია ჩვენთვის და იმ ეკოპროექტებიდან, რომელთა განხორციელებაც ქალაქში გვაქვს დაგეგმილი, უმნიშვნელოვანესია ჭალის ტყის აღდგენა-განვითარება, რომლის სტრატეგიის შესამუშავებლადაც, ჩვენ სამინისტროსთან, დონორ ორგანიზაციებთან და რუსთაველებთან ერთად ვიმუშავეთ. დღეს უკვე სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ვიხილავთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ პროექტი “-განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის ჭალის ტყე მტკვრის ორივე სანაპიროზეა გაშლილი და მისი ფართობი 320 ჰექტარია. რუსთავის ეკოსისტემისთვის უმნიშვნელოვანესი ფლორა, გასული საუკუნის 90-იან წლებში განადგურდა და მისი აღდგენა- განვითარების სტრატეგია, დღემდე არ არსებობდა. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, პროექტის- ,,გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს“ ფარგლებში შეიქმნა და მის შემუშავებაში, ,,მოქალაქეთა ასამბლეის“ ფორმატში, რიგითი რუსთაველებიც მონაწილეობდნენ.