რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების“ ფორუმი გამართა. ფორუმში რუსთავის ბინათმესაკუთრეთა 778-მა ამხანაგობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
სპორტის სასახლეში მოწყობილ სივრცეში, „რუსთავის კორპუსის” მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების საპრეზენტაციო ბანერები და პავილიონები მოეწყო.
რუსთავში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარე რეფორმები და კორპუსების განვითარების ახალი კონცეფცია ფორუმის მონაწილეებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა.
ღონისძიებას, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ და რუსთავის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„რუსთავში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების მიზნით, წელს, პირველად ჩავატარეთ მასშტაბური ღონისძიება. ფორუმში 778-მა ამხანაგობის თავმჯდომარემ მიიღო მონაწილეობა. რუსთავის მერია, სწორედ ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად ვცდილობთ, ჩვენი ქალაქი უფრო მოწესრიგებული და ლამაზი გავხადოთ. აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ახალი პროექტი, რაც შეიძლება მეტ მისამართზე დავაფინანსოთ. რუსთავის კიდევ უფრო მეტად განვითარება არის ჩვენი მთავარი მიზანი და ამ მიმართულებით, ჩვენს გუნდს ახალი სტრატეგია და გეგმები აქვს. დღევანდელი ფორუმი ვფიქრობ, ხელს შეუწყობს იმ პრიორიტეტების გამოკვეთას, რაც ჩვენი რუსთაველებისთვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების მიზნით დაწყებული რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ქალაქში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვაში, მოსახლეობის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვაა.
„დღევანდელი ფორუმი არის ახალი და ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით, არსებული სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება და განვითარება. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ჩვენი პოლიტიკური და სამთავრობო გუნდის ერთ-ერთ მთავარ მიზანთან, რომელიც საჯარო და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას, ასევე ჩვენი ქალაქებისა და ქვეყნის განვითარებას ემსახურება”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.
ერთ-ერთი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, რუსთავში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება იგეგმება, კერძო ბიზნესთან თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. ბიზნესთან თანამშრომლობა, კი კონკრეტული კორპუსის მოსახლეობას, ამხანაგობის განვითარების და კორპუსში არსებული საცხოვრებელი პირობების საკუთარი შემოსავლით გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების და კორპუსებში, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2024 წელს, ,,რუსთავის კორპუსის” ბიუჯეტი, 114%- ით აღემატებოდა 2023 წლის ბიუჯეტს. შედეგად, კორპუსების კეთილმოწყობის, ავარიული შენობების გამაგრების, სადარბაზოს რემონტის და სხვა სახის სამუშაოები, ამ ეტაპისთვის 350-მდე მისამართზეა განხორციელებული.
ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 260 პროექტი დასრულდა, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის მიზნით, კი 105 პროექტია შესრულებული.
ფორუმის მიმდინარეობისას, პრეზენტაცია წარადგინა პლასტმასის და ალუმინის ნარჩენების გადამამუშავებელმა კომპანია „სპარკლომ“, რომელთან ერთადაც, რუსთავის მერიამ, ეკოპროექტის განხორციელება დაიწყო. რუსთავი იქნება ერთ-ერთი პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც პლასტმასის და ალუმინის ნარჩენების ეკოლოგიურ პრობლემას ინოვაციური მეთოდით გადაწყვეტს.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების” ფორუმის დასასრულს, სამი ყველაზე აქტიური ამხანაგობის თავმჯდომარე დააჯილდოეს, ოთხს კი მადლობის სიგელი გადასცეს.