ნინო ლაცაბიძე – რუსთავში მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა და წელს, ძალიან დიდი საერთაშორისო ინტერესი აქვს

რუსთავის მერია მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩასატარებლად  ემზადება. სიმპოზიუმში მონაწილეობის სურვილი, წელს ასამდე ხელოვანმა გამოთქვა საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

რუსთავის მედიათეკაში, სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა  განაცხადები  სპეციალურმა კომისიამ განიხილა და საწყის ეტაპზე, ის 16 ნამუშევარი შეარჩია, რომელსაც მოქანდაკეები ადგილზე შექმნიან.

,,რუსთავში, მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა და  წელს, ძალიან დიდი საერთაშორისო ინტერესი აქვს. ასამდე განაცხადია შემოსული და მათგან უმრავლესობა უცხოელი მოქანდაკის მხრიდანაა. დღეს კომისიამ იმსჯელა და შეირჩა ის ნამუშევრები, რომლებიც  სიმპოზიუმის ფარგლებში დამზადდება და რაც ყველაზე მთავარია,  შემდგომ უკვე  ქალაქის მასშტაბით განთავსდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სიმპოზიუმში, მიწვეული მოქანდაკის  სტატუსით ჩაერთვებიან ცნობილი რუსთაველი ხელოვანი ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგი.

,,კომისიამ იმსჯელა და 100-მდე ნამუშევრიდან, საწყის ეტაპზე 16 შეარჩია. რუსთავში უცხოელი მოქანდაკეებიც  ჩამოვლენ და ერთი თვის განმავლობაში, ქართველ ხელოვანებთან ერთად, ადგილზე შექმნიან საკუთარ ნამუშევრებს. მათ მიერ შექმნილი ქანდაკებები და ხელოვნების ნიმუშები ჩვენს ქალაქში დარჩება და სხვადასხვა ადგილზე განთავსდება”,  – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, 8 ივნისს გაიხსნება. სკულპტორები, რუსთავის ცენტრალურ პარკში 20 დღის განმავლობაში, სპეციალურად  მოწყობილ იმ სივრცეში  იმუშავებენ, სადაც 1990 წელს  მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი პირველად გაიმართა.

მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი  რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

 

 

 

წინა შპს „თეთრი ქუდის“ კუთვნილ სოკოს საწარმოში, კომპოსტის (ნარჩენების აღდგენა) წარმოებაზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ