რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, თბილისის მიმართულებით მგზავრებს 20 ახალი ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსი მომსახურება.
ამასთანავე, დღეიდან რუსთავის მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გადახდა, სრულად საბარათე სისტემაზე გადავიდა.
როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების რაოდენობის გაზრდა, მგზავრთა კომფორტულ და შეუფერხებელ გადაყვანას შეუწყობს ხელს.
,,თბილისის მიმართულებით, რუსთაველების კომფორტული და შეუფერხებელი მგზავრობა, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. მთავრობის ადმინისტრაციისა და საპარლამენტო გუნდის დახმარებით, რუსთავის მერიამ სერვისის გაუმჯობესებაზე იზრუნა და დღეიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრები კიდევ უფრო კომფორტულად და შეუფერხებლად იმგზავრებენ. აღნიშნულ მარშრუტზე 20 ახალი, ევროსტანდარტის, შშმ პირებისთვის ადაპტირებული, თანამედროვე ავტობუსი ივლის. რუსთავი-თბილისის ხაზზე განსაკუთრებული შეღავათით სარგებლობენ სტუდენტები, რადგან მათთვის დედაქალაქამდე მგზავრობის საფასური, მხოლოდ 50 თეთრია. რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას მერიის მიერ დაწესებული შეღავათით, როგორც შიდასაქალაქო, ისე რუსთავი-თბილისის ხაზზე ჯამში 60 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
1 თებერვლიდან, შიდასაქალაქო მარშრუტებზე, ასევე რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მგზავრობის საფასურის გადახდა, სპეციალური სამგზავრო ბარათით – ,,რუსთავი ქარდით“, სტუდენტური ბარათით, ,,სქულ ქარდით”, მუნიციპალური სოციალური ბარათით, ,,მეტრომანით”, ,,საქართველოს ბანკის’’ და ,,თიბისი ბანკის’’ პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი. ,,რუსთავი ქარდის“ შეძენა და მასზე სასურველი თანხის დარიცხვა, მხოლოდ ,,საქართველოს ბანკის“ ტერმინალებიდან ხდება.
რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსი ათწლეულების შემდეგ, პირველად 2022 წელს დაინიშნა. როგორც შიდასაქალაქო მარშრუტებზე, ასევე რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, მუნიციპალური ავტობუსით მოსარგებლეთა რაოდენობა 254 %-თაა გაზრდილი.