ნინო ლაცაბიძე – ,,ვაგრძელებთ მუშაობას რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია აქტიურადაა ჩართული GWP-ის პროექტების საზედამხედველო ნაწილში

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის მიზნით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, GWP-ის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსს, ,,რუსთავის წყლის” ახალ დირექტორ მიგელ ამხელ მაზო ესტებანეზს, მოადგილეებთან და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

მოგვიანებით, რუსთავის მერი და კომპანია GWP-ის წარმომადგენლები, ლომოურის ქუჩაზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

,,ვაგრძელებთ მუშაობას რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად. რუსთავის მერია აქტიურადაა ჩართული GWP-ის პროექტების საზედამხედველო ნაწილში. წყალმომარაგების პრობლემის დაძლევა, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ ყოველდღიურად ადგილზე ვეცნობით ამ პროცესს. დღეისათვის ლომოურის ქუჩაზე მიმდინარეობს 570 მეტრი სიგრძის მაგისტრალური წყალსადენის სრულად განახლება და ვფიქრობ, რომ რუსთავის წყალმომარაგებას, სწორედ ასეთი პროექტები გააუმჯობესებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა განაცხადა, დღეისთვის კომპანია რუსთავში 24 პროექტს ახორციელებს.

,,რუსთავის წყალს“, წყალმომარაგების დარგის ექსპერტი ესპანეთიდან მიგელ ანხელ მაზო უხელმძრვანელებს. ჩვენ ამჟამად რუსთავში 24 მიმდინარე პროექტი გვაქვს და თითოეულ მათგანზე სწორედ ის იქნება პასუხისმგებელი. ჩვენი მიზანი და პრიორიტეტი, ქალაქ რუსთავის მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაა. ლომოურის ქუჩა, სადაც ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთია იმ მიმდინარე პროექტებიდან, რომელიც რუსთავის წყალმომარაგებას უახლოვეს მომავალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, – განაცხადა GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა.

ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, კომპანია GWP-იმ, რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით, 2023 წლის დასაწყისში დაიწყო. განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა, 30 მილიონი ლარია. პროექტი, ხრამის სათავე ნაგებობიდან მომავალი და ქალაქში არსებული წყალსადენის კომპლექსურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

წინა ნინო ლაცაბიძე – არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს