ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა, კომპანია GWP-ის წარმომადგენლებისგან, რუსთავში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო პროექტების მონიტორინგის მიზნით, მორიგი შეხვედრა გამართა.

რუსთავის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა GWP-ის წარმომადგენლებისგან 2024 წლის 6 თვეში, რუსთავში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა, GWP-ის და სემეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„GWP-ის და სემეკის წარმომადგენლებთან გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა, სადაც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის პროექტი რომელიც რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. კომპანიას 2024 წელს 18 – მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულება აქვს აღებული და ამ პროექტებით როგორც გვეუბნებიან, შეძლებენ ჩვენს ქალაქში წყალმომარაგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ჩვენ ადგილზე გავეცანით ერთ-ერთ მიმდინარე პროექტს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ამ ეტაპზე, კომპანია „ჯი ვი პი“ სამუშაოებს მშვიდობის და გაგარინის ქუჩებზე აწარმოებს. გაგარინის ქუჩასა და მშვიდობის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ახლით იცვლება 2 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელი, მონტაჟდება 17 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და ეწყობა 15 საკვანძო ჭა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3 669 580 ლარია და სამუშაოები ივლისის თვეში დასრულდება.

„გაგარინისა და მშვიდობის ქუჩებზე მაგისტრალური მილსადენის დაახლოებით ორი კილომეტრი იცვლება, რომლითაც 10 ათასზე მეტი მომხმარებელი მარაგდება სასმელი წყლით. ჩვენი სტრატეგიული ხედვაა, რომ საინვესტიციო პროექტები მაქსიმალურად მივმართოთ მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციაზე. რუსთავში ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად კი უკვე არის საგრძნობი პროგრესი”, – განაცხადა კომპანია ,,ჯი ვი პის” აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

2024 წლის მაისის მდგომარეობით, ბოლო 6 თვის განმავლობაში GWP-იმ რუსთავის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელებზე 16 სარეაბილიტაციო პროექტი უკვე დაასრულა და ამ ეტაპზე დამატებით 6 პროექტზე მუშაობს. მათ შორის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გაგარინის ქუჩასა და მშვიდობის ქუჩის მონაკვეთზე.

GWP-ი აქტიურად აგრძელებს რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს 18 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. განსაზღვრული ბიუჯეტიდან, 13 მილიონ ლარზე მეტი რუსთავში მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, ხოლო 5 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარდება. უკვე დასრულებულია რუსთავის უმნიშვნელოვანესი ხრამი-რუსთავის ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის პირველი, 2,2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასევე მეგობრობის გამზირის, ლომოურის, მშვიდობის, ნეკრასოვის, აფხაზეთის, ფალიაშვილის, ბარათაშვილის, გიორგაძის, შარტავას და მესხიშვილის ქუჩების ქსელების რეაბილიტაცია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოძველებული ქსელების ახლით ჩანაცვლების პარალელურად, რუსთავში წყალმომარაგების ქსელებზე დამონტაჟდა 13 წნევის რეგულატორი და 53 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რაც ქსელზე დაზიანების შემთხვევაში, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამასთანავე წყალარინების ქსელების განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გაიწმინდა 13,500 მეტრამდე ქსელი და აღმოიფხვრა 3,400-მდე დაზიანება.

 

წინა რუსთავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – გრიგოლ ხანძთელის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება