ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთაველებს როგორც დავპირდით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად, რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების გეგმას გაეცნო.

კომპანია ,„რუსთავის წყალი“  2023 წლის ბოლომდე,  რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ქალაქის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. კომპანიის სამომავლო გეგმები  და კონკრეტული პროექტები, რუსთავის მერსა და სემეკის თავმჯდომარეს, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე  თემურ ჯანელიძემ გააცნო.

„რუსთაველებს როგორც დავპირდით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. დღეისათვის მიმდინარეობს შარტავას კვანძის რეაბილიტაცია და ეს პროცესი მალე დასრულდება. მე დარწმუნებული ვარ,  იმ გეგმით, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას აქვს წარმოდგენილი, რუსთავში ამ მიმართულებით არსებული პრობლემები მოგვარდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, მარეგულირებელი კომისიის წევრები,  კომპანია „რუსთავის წყლის” გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია, დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძე, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„რუსთავში ინტენსიურად დაიწყო წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მხრიდან მოხდა ,,რუსთავის წყალზე“ შესაბამისი დავალების მიცემა, მარეგულირებელი კომისია პერიოდულ მონიტორინგს სისტემატურად განახორციელებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, რათა დაგეგმილი სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრეზენტაციის შემდეგ, საინვესტიციო გეგმის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს, ნინო ლაცაბიძე და  გიორგი დოხტურიშვილი,  სემეკისა და კომპანია ,,რუსთავის წყლის“, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან  ერთად, შარტავას მოედანზე გაეცნენ.

„რუსთავის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი იყო რუსთავის მერიისთვის.  მერმა ეს საკითხი სემეკის წინაშე დააყენა და დავით ნარმანიას  ჩართულობით, კომპანია პრობლემის გადაჭრის მიზნით,  30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

საინვესტიციო გეგმის შესრულების შედეგად  რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თემურ ჯანელიძის განცხადებით, გეგმის ფარგლებში მოხდება, როგორც მაგისტრალური მილსადენის შეცვლა, ასევე წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაცია.

„შარტავას მოედანზე კომპანია ,,რუსთავის წყალმა“ განახორციელა 400 მმ-ნი 200 მეტრი სიგრძის ფოლადის მილების რეაბილიტაცია. წელს შარტავას მოედნის გარდა, დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის მოედნის მაგისტრალური ქსელის,  ასევე 9 ძმა ხერხეულიძის, ლერმონტოვის, შევჩენკოსა და მარჯანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. სამუშაოები რა თქმა უნდა ამით არ სრულდება, 2023 წელს გაცილებით მასშტაბური  იქნება და  მხოლოდ ქსელების რეაბილიტაციისთვის  ჯამში 21 მილიონ ლარს დავხარჯავთ“, – განაცხადა  კომპანია ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ.

30 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი,  რომელიც რუსთავის წყალმომარაგების მასშტაბურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, აქტიურად მიმდინარეობს და 2023 წლის ბოლოს დასრულდება.  სამუშაოების მონიტორინგს, რუსთავის მერი სემეკთან და კომპანიის მენეჯმენტთან ერთად,  პროექტის დასრულებამდე  სისტემატურად განახორციელებს.

 

წინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა – რუსთავში შპს „სტანდარტ ცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი