რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორ კევინ მაკლოკლინს და პროგრამის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ნინო ლაცაბიძემ შეხვედრაზე მუნიციპალური სერვისების განვითარების კუთხით, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
რუსთავის მერმა USAID- ის წარმომადგენლებს ახალი მუნიციპალური სერვისცენტრის მიმდინარე პროექტიც გააცნო.
USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო სექტორებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროგრამა საწყის ეტაპზე 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის რუსთავშიც ხორციელდება. მომავალში, მასში კიდევ 11 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება.
პროგრამა საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს.