რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მონიტორინგს, სამოქალაქო სექტორთან ერთად ატარებს

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ კუთვნილ მდინარე ხრამის სათავე ნაგებობაზე და სატუმბ სადგურზე, მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა.

რუსთავის მერი ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ,,რუსთავის წყლის“ მიერ წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და კომპანიის წარმომადგენლებისგან, 30 მილიონიანი საინვესტიციო გეგმის მიმდინარეობის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

,,ჩვენი აქ ყოფნის მთავარი მიზანი არის ის, რომ 30 მილიონი ლარის საინვესტიციო გეგმა, რომელიც კომპანიამ სემეკისა და ქალაქის წინაშე წარმოადგინა, შესრულებული იყოს იმ ვადებში, რა ვადებშიც არის გაწერილი. ჩვენ მონიტორინგს გავაგრძელებთ, აქტიურად ვიქნებით ჩართული და კომპანიასთან ერთად, მოსახლეობას მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ რუსთავის წყალმომარაგების პრობლემის წინაშე, ასე მძაფრად არ დავდგებოდით, კომპანიას წლების განმავლობაში გარკვეული სამუშაოები გეგმაზომიერად რომ ეწარმოებინა, თუმცა ახლა აზრი არ აქვს წარსულზე საუბარს, რადგან ახლა კომპანია მზად არის 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის უპრეცედენტო თანხა და ჩვენი ქალაქის დაარსებიდან, დღემდე ამხელა ინვესტიცია ,,რუსთავის წყლის“ მხრიდან, არ განხორციელებულა. კომპანია მზად არის მასშტაბური სამუშაოები ჩაატაროს, რომელიც უკვე დაწყებულია და ეს ჩვენი თვალითაც ვნახეთ დღეს, თუმცა კიდევ რჩება პრობლემები. მაგალითად, პრობლემაა მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, მათ მხოლოდ მისდით შეტყობინება, რომ ითიშება წყალი, სოციალურ ქსელში ხვდებათ ინფორმაცია, რომ იზღუდება წყალმომარაგება, მაგრამ არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რომელი პროექტი განხორციელდა ან ხორციელდება წყალმომარაგების შეწყვეტის ხარჯზე და რა გაუმჯობესება იქნება ამ სამუშაოების წარმოების შედეგად. ჩვენი მოთხოვნა კომპანიის მიმართ არის ის, რომ მოსახლეობა იყოს, რაც შეიძლება მეტად ინფორმირებული იმ რთულ პროცესში, რომელსაც ჩვენ ახლა ერთად გავდივართ “, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ,,რუსთავის წყალის” გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ განაცხადა, კომპანია, რუსთავში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს.

,,ხრამის სათავე ნაგებობაზე არსებული 7 შახტური ჭა ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების მთავარ რეზერვუარს წარმოადგენს. ორი შახტური ჭის ავარიულად დაზიანებამ, რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად შეაფერხა. კომპანია ,,რუსთავის წყალი” აქტიურად ატარებს დაზიანებული ჭების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული შახტური ჭები წყალქვეშ 21 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული, ტექნიკური სამუშაოები საკმაოდ რთული და კომპლექსურია. სპეციალურად მოწვეულმა მყვინთავების ჯგუფმა წყალქვეშ სამუშაოების ორი ეტაპი უკვე შეასრულა. სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ თითოეულ შახტურ ჭაში არსებული შვიდი ძველი ურდული ახალი, თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულით შეიცვალოს და ახალი ტუმბო-აგრეგატები დამონტაჟდეს. რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ივნისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც წყალქვეშ რთული ტექნიკური სამუშაოების ყველა საჭირო ეტაპი შესრულდება” – განაცხადა ,,რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ.

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის, ქალაქის წყალმომარაგების ქსელებსა და რეზერვუარებზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. მიმდინარე ეტაპზე კომპანია ,,რუსთავის წყალი“ ხრამის სათავე ნაგებობაზე ორი შახტური ჭის აღსადგენად რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს.

რუსთავის წალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, ,,რუსთავის წყალმა”, ქალაქის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლოს დაიწყო. წყალმომარაგების ქსელის სისტემური რეაბილიტაცია, რუსთავში ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა. პროექტი, რომელშიც სემეკის გადაწყვეტილებით, ,,რუსთავის წყალი” ჯამში 30 მილიონ ლარს ხარჯავს, უპრეცედენტოა.

რუსთავის მერია პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს, სამუშაოების დაწყების დღიდან ახორციელებს. პროცესის კიდევ უფრო მეტად გასაჯაროების მიზნით, ქალაქის მერმა მონიტორინგში სამოქალაქო სექტორიც ჩართო.

წინა „ქ. რუსთავში, შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ ძირითადი არაორგანული ნაერთების (ამორფული ბორის) საწარმოს მოწყობაექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“